მთავარისაქართველოუფლებადამცველები მომხდარ ძალადობრივ ფაქტებს მკაცრად აფასებენ

უფლებადამცველები მომხდარ ძალადობრივ ფაქტებს მკაცრად აფასებენ

გასული დღეების მოვლენებს, კერძოდ, სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკოსებისა თუ მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ შეურაცხმყოფელ სატელეფონო ზარებს, ასევე სხვადასხვა აქტიური მოქალაქის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტებს, უფლებადამცველები აფასებენ.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: “სახალხო დამცველი ხაზგასმით შეახსენებს ყველას, რომ რაც არ უნდა მიუღებელი იყოს განსხვავებული და კრიტიკული აზრი, ადამიანების დევნა, მათი ოჯახის წევრების, არასრულწლოვანი შვილების დაშინება, მოქალაქეებთან ფიზიკური ანგარიშსწორება წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას, რაც შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისგან მოითხოვს მყისიერ და ეფექტურ რეაგირებას. მნიშვნელოვანია, ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი და ასეთმა შემთხვევებმა არ მიიღოს მასობრივი ორგანიზებული დევნისა და ძალადობის სახე, რაც შეუთავსებელია ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან”.

“სამოქალაქო საზოგადოების ფონდში” ერთობლივი განცხადება გააკეთეს არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელმა პირებმა. მათი განცხადებით, ამ ძალადობრივი ქმედებების თუ მუქარის შემცველი სატელეფონო ზარების უკან დგას ხელისუფლება, რომელიც რუსული უშიშროების სამსახურის მეთოდებით ცდილობს სამოქალაქო აქტივისტების დაშინებას. სამოქალაქო სექტორში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება სრულად ასცდა დემოკრატიის რაიმე ხარისხის ზღვარს და განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების დევნა პირდაპირ დაიწყო.

„8 მაისის ღამეს ხელისუფლებას ნერვებმა საბოლოოდ უმტყუნა და ნაადრევად დაიწყო იმის ჩვენება, თუ როგორ ქვეყნად აპირებენ საქართველოს ქცევას. ბიძინა ივანიშვილის მიერ 29 აპრილს დაანონსებული საგარეო ვექტორის ცვლილება და რეპრესიები უკვე თვალსაჩინოდ ამოქმედდა. ასობით მოქალაქესთან განხორციელებული მუქარისა და შეურაცხყოფის ზარები, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებზე ფიზიკურ თავდასხმებსა და ორგანიზებულ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. ოლიგარქსა და მის მარიონეტებს ავიწყდებათ, რომ საქართველო არ არის რუსეთი, ქართველებმა ვიცით თავისუფლების ფასი. ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ჩვენ ბრძოლას რუსული უშიშროების სამსახურის მეთოდებით ვერაფერს დააკლებენ. ადამიანზე მიპარვით ზურგიდან თავდასხმას, სადარბაზოებში დევნას, მცირეწლოვანი ბავშვებისთვის კარის შემტვრევის მცდელობას ქართველი არასდროს მოიწონებს. ასე იქცევა რუსული რეჟიმი. ჩვენ სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს. აქტიურ მოქალაქეებზე მიზანმიმართული თავდასხმის თითოეულ შემთხვევას, წინა კვირებში გამართულ აქციებს აუცილებლად ბოლომდე მივყვებით. მოვითხოვთ და უზრუნველვყოფთ დამნაშავეთა გამოვლენას. თავისუფლება ქართველი ხალხის მთავარი ღირებულებაა. ამიტომ, ვდგავართ და ვიდგებით საქართველოს ევროპული მომავლის სადარაჯოზე, რუსული მეთოდებისა და ძალადობისგან ამ ქვეყნის დასაცავად. ამ ბრძოლას ქართველი ხალხი გამარჯვებით დაასრულებს, მოძალადეებს კი, სათანადო პასუხი აუცილებლად მიეზღვებათ”, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ძალადობას გმობს და არ იწონებს შინაგან საქმეთა მინისტრი. ვახტანგ გომელაურმა, მედიასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ყველანაირ თავდასხმას გმობს და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველა ასეთ ფაქტზე მყისიერი რეაგირება მოახდინა. კერძოდ, დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები. მინისტრი საზოგადოებას მოუწოდებს, დაელოდონ გამოძიების შედეგებს.

„რა თქმა უნდა, არავის მოსწონს ძალადობა, არავისზე ძალადობა არ მომწონს, არც ოპოზიციონერსა და არც მოქალაქეებზე, რომლებსაც მომიტინგეები ახორციელებდნენ, არც ჟურნალისტებსა და თქვენს კოლეგებზე. გუშინ გამოძიება მყისიერად დავიწყეთ ყველა ფაქტზე, რაც მოხდა. გამოძიებას მივყვებით და ვნახავთ რა იყო, რა მოხდა, ვინ დაესხა თავს. არ შემიძლია, პირდაპირ ვილაპარაკო, ან ეს მოხდა, ან ის მოხდა. თავს დაესხნენ, სამწუხაროდ, ადამიანები დაზიანდნენ, გამოძიება დაწყებულია. რაც შეეხება დაკავებულებს, იცით, რომ ჩვენ გამოძიება დავიწყეთ. რაც გამოაშკარავდა ეს 6 ადამიანი, ისინი დავაკავეთ. სასამართლოში განჩინება ავიღეთ და დავაკავეთ. გამოძიებას ვაგრძელებთ, ძალიან ზღვა კადრებს ვამუშავებთ, ასევე ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, კიდევ თუ გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა, სხვა პირებსაც დავაკავებთ“, – განაცხადა მინისტრმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალადობრივ შემთხვევებს იძიებს, თუმცა ამ დროისათვის ცნობილი არ არის, ჰყავს თუ არა შესაძლო დამნაშავეები გამოვლენილი საგამოძიებო უწყებას, ან არის თუ არა ვინმე დაკავებული.

ალეკო გვეტაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend