თუ ადრე მშობლის საზრუნავი იყო ის, რომ ბავშვს ტექნოლოგიური მოწყობილობა არ გაეფუჭებინა, დღეს უფრო მწვავე საკითხი, თავად არასრულწლოვანის მდგომარეობაა ციფრულ სამყაროში.
საქართველოში 2023 წელს პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 168 საქმეზე, მათ შორის 46 მსხვერპლი იყო არასრულწლოვანი. სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 41 პირის მიმართ.
ამ საქმეებზე გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ მოიპოვეს, შეინახეს, გამოიყენეს ან გაავრცელეს პირადი ხასიათის ფოტო, ვიდეო და აუდიომასალა, ასევე პირადი მიმოწერები.
„მომართვიანობის გაზრდის გამო მეტი ეფექტის მიზნით სამსახურში შეიქმნა სპეციალიზებული სამმართველო, რომელიც მხოლოდ ამ კატეგორიის საქმეებზე მუშაობს. აღნიშნული სამმართველოს გამომძიებლები არიან გადამზადებულნი და ყოველდღიურად 24-საათიან რეჟიმში რეაგირებენ შემოსულ შეტყობინებებზე. სპეციალური საგამოძიებო სამსახური, თითოეული საქმის გამოძიებისას უზრუნველყოფს მყისიერ რეაგირებას, მსხვერპლზე ორიენტირებულ მიდგომას და სრულ კონფიდენციალურობას. არასრულწლოვანებს შეუძლიათ მოგვმართონ დამოუკიდებლად თუ კი მათ არ სურთ მონაწილეობა მიიღონ მშობლებმა საგამოძიებო პროცედურებში, მათ შეუძლიათ მოგვმართონ დამოუკიდებლად ცხელი ხაზის საშუალებით, ასევე სხვა არხების მეშვეობით, მათ შორის ელექტრონულად“, – აღნიშნავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან ვერულაშვილი.
სახელმწიფო სამსახურების გარდა, მოზარდს დახმარებისთვის შეუძლია მიმართოს უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ასევე თვითონ მეტას.
სოციალური ქსელის ბოლო განახლების შემდეგ, უცხო პირებისთვის ახლა უფრო რთულია, რომ Facebook-სა და Instagram-ზე მოზარდებს მისწერონ.
ასევე მეტა ცდილობს, გააკონტროლოს პირად მიმოწერაში სექსუალური ხასიათის შემცველი ფოტო და ვიდეომასალის გაგზავნის მცდელობები.
მაგალითად, ფოტოს დაედება ბინდი, ანუ ე.წ. ბლარი და ასევე Instagram შეახსენებს მოზარდს, რომ ის არ არის ვალდებული ვინმეს შიშველი ფოტო გაუგზავნოს.
მიუხედავად უსაფრთხოების მექანიზმების გაძლიერებისა, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების ნაწილს მიაჩნია, რომ ეს არ იმუშავებს, თუ მოზარდი არ იქნება დარეგისტრირებული თავისი რეალური ასაკის შესაბამისად.
„როგორც რეალობა აჩვენებს ეს უფრო ემსახურება იმას, რომ რეგულაციებთან შესაბამისობაში იყვნენ, ეთიკურ მორალურ მოთხოვნებთან ჰქონდეთ შესაბამისობა და აქედან გამომდინარე რეალურ დაცვას და რეალურ უსაფრთხოებას მაინც ვერ უზრუნველყოფენ, ანუ ის, რომ მაგალითად შეზღუდულია მესენჯერში და ინსტაგრამზე წერილები და მშობლებს ეძლევათ საშუალება უყურონ ვინ მისწერს მათ შვილს. ეს ყველაფერი მიმართულია იმაზე, თუ კონკრეტული მომხმარებელი არის დაფიქსირებული მოზარდად და მას სწორად აქვს მითითებული თავისი ასაკი“, – ამბობს კომპანია Cyber Trust-ის თანადამფუძნებელი გიორგი იაშვილი.
„არავინ უნდა გადაიტანოს ის, რაც თქვენმა შვილებმა განიცადეს“, – თქვა მეტას აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა 2024 წლის თებერვალში სენატში მოსმენის დროს.
ამ დროს მის უკან დარბაზში ისხდნენ იმ ბავშვების ოჯახის წევრები, რომელთა თვითდაზიანებაში ბრალს მშობლები სოციალურ ქსელს სდებენ.
ტექნოლოგიური კომპანიები ცდილობენ უსაფრთხოების გაუმჯობესებას, თუმცა ინტერნეტის უპრეცედენტო გავლენის გამო, უსაფრთხოების მექანიზმები ახალ გამოწვევებს ჯერჯერობით სათანადოდ მაინც ვერ პასუხობს.
ანეტ მიქელაძე