1 მაისს პარლამენტის წინ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილი ხალხის წინააღმდეგ სამართალდამცველებმა წყლის ჭავლის, ცრემლსადენი აირისა და წიწაკის სპრეის გამოყენება დაიწყეს მას შემდეგ, რაც აქციის რამდენიმე მონაწილემ პარლამენტის შენობის რკინის ჭიშკრების რყევა დაიწყო.
მოქალაქეების წინააღმდეგ სპეცრაზმი პარლამენტის ეზოდან ქუჩის მიმართულებით რამდენიმე საათის განმავლობაში იყენებდა წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა ხის და რკინის ჯებირებით და ნაგვის ურნებით ბარიკადები ააგეს. მათ ასევე ხის ჯებირებს ცეცხლი წაუკიდეს.
ე.წ. „უცხოური გავლენის“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საპოლიციო დანაყოფებმა ასევე გამოიყენეს რეზინის ტყვიები. დემონსტრანტებს სხეულზე აღენიშნებათ დაზიანებები. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო რეზინის ტყვიების გამოყენებას არ ადასტურებს.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება pic.twitter.com/feD6ctQ4yw
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) May 1, 2024
რუსთაველის გამზირზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. „უცხოური გავლენის“ კანონპროექტი ქართულმა ოცნება მეორე მოსმენით მიიღო. პარლამენტის შენობა დეპუტატებმა პოლიციის კორდონის მეშვეობით დატოვეს.
სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად ადმინისტრაციული წესით დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე საღამოს 7 საათიდან დაიწყო და თითქმის დილამდე გაგრძელდა. მოსახლეობა ე.წ. უცხოური გავლენის კანონს აპროტესტებს. მათ მიაჩნიათ, რომ კანონპროექტი ხელისუფლებას განსაკუთრებით დიდ ძალაუფლებას ანიჭებს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი დანებებას არ აპირებენ და აქციები იქამდე გაგრძელდება, სანამ „ქართული ოცნება“ ე.წ. უცხოური გავლენის კანონს უკან არ გაიწვევს.