სომხეთი და აზერბაიჯანი უახლოვდება სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას. სომხეთი ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ დათანხმდა აზერბაიჯანისთვის გადაეცა ოთხი სასაზღვრო სოფელი. ორივე სახელმწიფომ განაცხადა, რომ ეს იყო უდიდესი მიღწევა რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეთანხმებას მიაღწიეს მოლაპარაკებების მერვე რაუნდზე ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანსა და მის აზერბაიჯანელ კოლეგას, შაჰინ მუსტაფაევს, შორის. მოლაპარაკებები გაიმართა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე.
მიტოვებული აზერბაიჯანული სოფლები 1991-1992 წლებიდან სომხეთის სამხედრო კონტროლის ქვეშაა, აზერბაიჯანისთვის ამ სოფლების დაბრუნება იყო ნებისმიერი სახის სამშვიდობო შეთანხმების აუცილებელი წინაპირობა.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის თორნიკე შარაშენიძის თქმით, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამ მოლაპარაკებებზე სომხეთმა მიიღო გარკვეული გარანტიები აზერბაიჯანისგან გრძელვადიან მშვიდობაზე. მან ასევე განაცხადა, რომ მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სომხეთისთვის, ასევე საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ დემარკაციის პროცესი მაისის შუა რიცხვებისთვის დასრულდება. პარალელურად სომხეთი ასევე აგრძელებს საქართველოსთან საზღვრების დემარკაციის პროცესს.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის თორნიკე შარაშენიძის აზრით, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი პროცესი რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად.
სამშვიდობო მოლაპარაკებები და საზღვრების დემარკაცია სომხეთში მიმდინარე უფრო ფართო პროცესების ნაწილია. ერევანი ცდილობს, რომ ჩამოშორდეს მოსკოვის ორბიტას და დასავლეთთან დაახლოვდეს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სურს, 2024 წლის ბოლოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი დაიწყოს. ანალიტიკოსების აზრით, სომხეთის ევროპული გზა დიდ წილად არის დამოკიდებული საქართველოში მიმდინარე პროცესებთან.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის თორნიკე შარაშენიძის თქმით, თუ “უცხოური გავლენების კანონი” დააზარალებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივებს, სომხეთს ძალიან გაუჭირდება საქართველოს გარეშე ევროკავშირში გაწევრება. საქართველო არის სომხეთისთვის ევროპისკენ „პოლიტიკური ხიდი და გზა“.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას დადებითად არ შეხვდნენ სოფლების მახლობლად მცხოვრებნი. სოფლების, კირანცისა და ბაღანისის, მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზის მონაკვეთი გადაკეტა. თუმცა სიტუაცია განიმუხტა მას შემდეგ, რაც ნიკოლ ფაშინიანმა პირადად მიმართა ადგილობრივებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გამოეხმაურა სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებას და განაცხადა, რომ ვაშინგტონისთვის ეს განცხადება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გრძელვადიანი და ღირსეული მშვიდობისთვის.
We welcome the announcement that Armenia and Azerbaijan have agreed upon the 1991 Alma Ata declaration as the basis for border delimitation between the two countries. This is an important step towards concluding a durable and dignified peace agreement.
— Secretary Antony Blinken (@SecBlinken) April 20, 2024