“ქართული ოცნება” ე.წ. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მხარდასაჭერად, 29 აპრილს კონტრაქციას გამართავს და მხარდამჭერებს შეკრებს. ამის შესახებ, მმართველი პარტიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
“ქართული ოცნების” ინფორმაციით, აქციის ინიციატორები მათი მხარდამჭერები არიან. შეკრება საქართველოს პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზეა დაგეგმილი.
“პოლიტიკური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციების მონაწილეთა რაოდენობამ პიკზე 9,500 შეადგინა. აშკარაა, რომ კეზერაშვილის, ხაზარაძის და მდიდარი „ენჯეოების“ არაკეთილსინდისიერი დონორების მიერ რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებაში ჩადებულმა მრავალმილიონიანმა ინვესტიციამ არ გაამართლა. ქართული საზოგადოება უკვე იმდენად არის პოლიტიკურად მომწიფებული, რომ ვერავითარი ფულით მას შეცდომაში ვერ შეიყვან.
ვითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების თხოვნას და მომავალ ორშაბათს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას.
მოგიწოდებთ, ჩვენი ქვეყნის პატრიოტმა თანამოქალაქეებმა მთელი ქვეყნიდან ერთად ვუთხრათ უარი შავი ფულით საქართველოში რევოლუციის, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის, ლგბტ-პროპაგანდის, ნარკოტიკების პროპაგანდის, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის, რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის დაფინანსებას”, – წერია განცხადებაში.