ლიზა ახლა დედამიწას ლურჯ-მწვანე ფერებში ხატავს და “helping hand”-ის სხვა მოხალისეებთან ერთად საინფორმაციო პლაკატებს აკეთებს. მოხალისეები სკოლის მოსწავლეებსა და ბაღის აღსაზრდელებს უნდა შეხვდნენ, დედამიწის დღესა და გარემოს დაცვაზე ელაპარაკონ.
„დღეს დედამიწის დღეა და ამ დღის ფარგლებში მოხალისეები ვაწარმოებთ სხვადასხვა აქტივობას. ახლა ვგეგმავთ საინფორმაციო პლაკატების გაკეთებას და გარემოს დაცვით საკითხებში ვეცდებით ცნობიერების ამაღლებას როგორც სკოლის მოსწავლეებში, ასევე სკოლამდელი ასაკის ბავშვებში. მნიშვნელოვანია, რომ დედამიწის დღე საქართველოშიც აღინიშნება. ამ დღის შესახებ ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გავავრცელოთ. ასევე ვცდილობთ მოსახლეობას ვანახოთ რამხელა როლი აქვს მოხალისეობას გარემოს დაცვაში“, – თქვა ლიზა ომიძემ.
დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო 200-ამდე ქვეყანაში სხვადასხვა გარემოს დაცვითი ღონისძიება იმართება. ამ ქვეყნებს შორისაა საქართველოც, სადაც დედამიწის დღეს 1990 წლიდან აღნიშნავენ.
“helping hand”-ის მოხალისეები საინფორმაციო პლაკატებითა და საჩუქრებით მივიდნენ სკოლისა და ბაღის მოსწავლეებთან. ისაუბრეს გარემოს დაცვასა და დედამიწის პრობლემებზე. პატარებსაც დაუსვეს კითხვები და აღმოჩნდა, რომ მათაც ბევრი სცოდნიათ ამ დღეზე.
მოხალისეებთან საუბრის შემდეგ ბავშვებმა დედამიწის ხატვა დაიწყეს…
გარემოსდაცვითი ორგანიზაციები მოსახლეობას მოუწოდებენ, ადგილობრივი დროით 20:30 საათზე, ერთი საათით სიმბოლურად ჩააქრონ შუქი და 60 წუთი დედამიწაზე ზრუნვას დაუთმონ.