მთავარისაქართველოსაქართველოს პარლამენტთან პროტესტი გრძელდება

საქართველოს პარლამენტთან პროტესტი გრძელდება

საქართველოს პარლამენტის შესასვლელთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა დილიდან დაიწყეს შეკრება. საკომიტეტო მოსმენის პარალელურად კი შენობის გარეთ მოქალაქეთა პროტესტი დაიწყო. საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები – ის ჟურნალისტები, რომლებსაც დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის სრულფასოვნად გაშუქების შესაძლებლობა არ მიეცათ. მუდმივი აკრედიტაციის მიუხედავად ონლაინმედიისა და პრესის წარმომადგენლები პარლამენტში არ შეუშვეს. თუმცა ისინი პარლამენტის გარეთ ახმოვანებდნენ საპროტესტო გზავნილს – „არა რუსულ კანონს“.

„საქართველოში ყველა ჟურნალისტი შეურაცხყოფილია. ასეთი რამე პარლამენტარიზმის ისტორიას არ ახსოვს. მსგავსი გადაწყვეტილება არცერთ პარლამენტის თავმჯდომარეს არ მიუღია, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ეს არის მშიშარა პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება. მას ეშინია ჩვენი დასმული კითხვების. A4 ფორმატის პლაკატების გაშლას ეძახიან რადიკალურ აქტივიზმს. ეს ხდება რუსეთში. ამიტომ არის ეს კანონი რუსული“, – ამბობს ჟურნალისტი, ონლაინგამოცემა „პუბლიკას“ რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი.

მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქციაზე იყვნენ მოქალაქეები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ეს კანონი მათ ეხებათ და მათ ცხოვრებაზე აისახება. მაგალითად, სპეციალური საჭიროების მქონე პირები… ისინი ამბობენ, რომ ეს კანონი ქვეყანაში დაუცველ ჯგუფებს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს.

„ის, რაც ამ ქვეყანაში შშმ პირთა მიმართულებით გაკეთებულა, ძირითადად უცხოური დონორების მიერ იყო დაფინანსებული. მათთვის ღირსების შემლახველი კანონის დაპირისპირება, ვფიქრობ, უსამართლობა იქნება. ამის დაფიქსირება გვინდოდა, თუმცა შესაძლებლობა არ მოგვცეს“, – ამბობს აქტივისტი ანა სიხაშვილი.

საპროტესტო აქციაზე დილიდან იყვნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ისინი, ვინც ფიქრობს, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვის ხელახლა დაწყებით, ხელისუფლებამ ერთი წლის წინ დადებული პირობა დაარღვია. „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ 1 წლის წინ მასშტაბური პროტესტის ფონზე გაიწვია სადავო კანონპროექტი პარლამენტიდან.

„მინდა, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკოსებმა დაამთავრონ ხალხის შეურაცხყოფა და გადაგდება. ეს არის ჩემი მთავარი მოთხოვნა“, – ამბობს მსახიობი კახა კინწურაშვილი.

„უბრალოდ, არ მესმის, როგორ შეიძლება გძულდეს საკუთარი ხალხი, რომ ასეთი რამ წამოიწყო, თანაც უკვე მეორედ და საერთოდ არ ითვალისწინებდე, რომ შენს ქვეყანას განვითარების ერთადერთ შანსს აცლი. მართლა ვერ წარმომიდგენია ასეთი ბოროტები როგორ არიან და როგორ არ უსმენენ ამდენ ადამიანს, რომლებიც უკვე მეორე წელია ამას აპროტესტებენ“, – ამბობს აქციის მონაწილე მარ მიხელიძე.

დილით დაწყებული პროტესტი რუსთაველის გამზირზე გრძელდება. ე.წ. “გამჭვირვალობის კანონის” მოწინააღმდეგეებმა 19:00 საათიდან უკვე რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend