10 აპრილს რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, ერთ-ერთ სოფელში, რუსეთის თავდასხმას სამი მოქალაქე შეეწირა, მათ შორის იყო 14 წლის ბავშვიც.
რუსეთმა ხარკივის რეგიონში რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ვოვჩანსკზეც მიიტანა იერიში, რომლის შედეგად სრულად განადგურდა საავადმყოფო. სამხრეთის ქალაქ ოდესაში კი სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 10 წლის გოგო. ბოლო ინფორმაციით, დაიჭრა 14 ადამიანი.
ამავდროულად, შვეიცარიის მთავრობა ივნისში უკრაინაში მშვიდობის დამყარების მიზნით მაღალი დონის ორდღიან კონფერენციას უმასპინძლებს. როგორც ცნობილია, რუსეთი არ აპირებს ამ ინიციატივაში მონაწილეობის მიღებას.
Switzerland will host a High-Level Conference on Peace in 🇺🇦#Peace is at the heart of the Swiss spirit. With its humanitarian tradition 🇨🇭 plays a key role in this quest.
🕊️ is not an abstraction, but a call to action that reflects our values and our responsibilities on the… pic.twitter.com/pG4OvY5zD4
— Ignazio Cassis (@ignaziocassis) April 10, 2024
სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები კი უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრების გზაზე დამატებით მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ. ამ მიზნით შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ევროკავშირის ექსპერტებისგან არის დაკომპლექტებული.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ტობიას ბილსტრომის თქმით, რუსეთის ქმედებების მიუხედავად, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრების გზაზე გააგრძელებენ წინსვლას. მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ მუხტის შენარჩუნება. ბილსტრომი სიამაყით აღნიშნავს, რომ მისი და კოლეგების ძალისხმევით საფუძველი ჩაეყარა სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის უნიკალურ ინიციატივას უკრაინის ევროკავშირში გაწევრების მხარდასაჭერად.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას საქმიან ვახშამზე უმასპინძლა.
განსახილველ თემებს შორის იყო უკრაინის საკითხიც. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის მხარდაჭერა და განაცხადა, რომ რუსეთის სამიზნე დღეს უკრაინაა, ხვალ კი შესაძლოა, აღმოსავლეთი აზია გახდეს.