უკრაინელი მოხალისეები ომში დაღუპულებს ეძებენ, მათ ცხედრებსა და ნაწილებს აგროვებენ და ოჯახებს უბრუნებენ… უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრებთან ერთად ომში მოკლული რუსი ჯარისკაცების ცხედრებსაც აგროვებენ. მოხალისეები ამბობენ, რომ ნებისმიერ გარდაცვლილს პატივისცემით უნდა მოეპყრონ, თუმცა რუსი ჯარისკაცების ცხედრების შეგროვების მიზეზი მხოლოდ ეს არ არის. მათ მოგვიანებით იმ დაღუპულ უკრაინელ ჯარისკაცებში ცვლიან, რომლებიც რუსებს ჰყავთ.
38 წლის ოლექსი იუკოვი საბრძოლო ხელოვნების ინსტრუქტორია, თუმცა ახლა სამშობლოში ხელმძღვანელობს იმ მოხალისეთა გუნდს, რომლებიც გარდაცვლილთა ცხედრებს ეძებენ და ხშირად მხოლოდ მათ ნაწილებს პოულობენ.
აქ კარგი და ცუდი დღეები არ არსებობსო, ამბობენ… ყოველი დღე მძიმეა, ის დღეებიც, როცა ცხედრებს ეძებენ და ვერ პოულობენ და ისინიც, როდესაც პოულობენ.
მძიმე დღეებს ომში დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახის წევრების სატელეფონო ზარები კიდევ უფრო ამძიმებს… ყველაზე ხშირად მოხალისეებს მშობლები ურეკავენ და გარდაცვლილი შვილების ცხედრების დაბრუნებას სთხოვენ, მათ სავარაუდო ადგილსამყოფელსაც ეუბნებიან…
„არ ვიცი, სხვაგან სად დავრეკო. ვის მივმართო. დამეხმარეთ, გთხოვთ, თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ. მითხრეს, რომ ბომბი ესროლეს მის ქვედანაყოფს და დაჭრილები გამოიყვანეს, თუმცა ვინც ვერ გადარჩა დატოვეს.. თქვენი შვილი ვერ გადარჩაო მითხრეს… ჩემი შვილი იქ დატოვეს…“ – ამბობს ქალი, სახელად ლუდმილა.
„ქალბატონო, ჩვენი თვალით გვაქვს ნანახი, რამდენად რთულია დაჭრილებისა და გარდაცვლილების გამოყვანა. არის მომენტები, როდესაც ეს უბრალოდ შეუძლებელია. ვერ მოგვყავს და დატოვება გვიწევს… ეს ჩვენთვისაც ურთულესი გადაწყვეტილებაა…“ – ამბობს ოლექსიი იუკოვი, უკრაინელი მოხალისე, რომელიც ომში დაღუპულთა ცხედრებს ეძებს.
ამ ადგილას 11 რუსი ჯარისკაცის ცხედარი იპოვეს და ასევე იპოვეს ერთი ფეხი, ამბობენ, რომ ის სავარაუდოდ უკრაინელ ჯარისკაცს ეკუთვნოდა, ის ფეხსაცმელი ეცვა, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს აცვიათო… ბოლო ორი წლის განმავლობაში ოლექსის გუნდმა 1000-ზე მეტი ცხედარი იპოვა და გადაასვენა. მათგან 600-ამდე რუსი აღმოჩნდა. რუსების ცხედრებს ინახავენ იმ სატვირთო მანქანებში, რომლებსაც მაცივარი აქვს… იმ იმედით, რომ მათ უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრებში გაცვლიან.
„გარდაცვლილებს პატივისცემით უნდა მოვეპყროთ. ჩვენ არ ვებრძვით მკვდრებს. როდესაც მტერი კვდება, ჩვენ არ ვსარგებლობთ იმით, რომ მათთვის რაიმეს დაშავება შეგვიძლია… ეს არ იქნებოდა ადამიანური”, – ამბობს ოლექსიი იუკოვი.
ამ ორი წლის განმავლობაში ცხედრების ძიების ერთი დღე ოლექსისთვის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. ჯარისკაცის დედამ და ძმამ დაურეკეს, უთხრეს რომ 27 წლის საშას ეძებდნენ. საშას, რომელიც სპორტსმენი იყო… ომამდე…
მისი ქვედანაყოფის წევრებმა თქვეს, რომ საშა ძლიერი დაბომბვის დროს დაიღუპა და ვერ შეძლეს მისი წამოყვანა, თუმცა ერთ-ერთი შენობის სარდაფში გადამალეს… ოლექსი და მისი გუნდი საშას ცხედრის მოსაძებნად წავიდა. როდესაც სარდაფში ჩავიდნენ, ოლექსიმ ნაღმზე დადგა ფეხი და ნაღმიც აფეთქდა. ოლექსიმ თვალი დაკარგა. საავადმყოფოდან გამოწერიდან მალევე კი იგივე ადგილზე დაბრუნდნენ და საშას ცხედრის ძებნა გააგრძელეს.
„საღამოს 7 საათი ხდებოდა… უკვე ბნელოდა და ფარნებით ვმუშაობდით. პატარა ნაცრისფერი კნუტი შევამჩნიეთ, ჩვენთან ახლოს დარბოდა. ჩემთან მოდიოდა და შემდეგ ერთი და იმავე მიმართულებით მიდიოდა, ეს რამდენჯერმე გაიმეორა. ამ საქციელმა დაგვაეჭვა და მას გავყევით… სწორედ იქ დავიწყეთ თხრა და მალევე საშას ცხედარი ვიპოვეთ“, – ამბობს ოლექსიი იუკოვი.
მოხალისეები, რომლებიც ომში დაღუპულთა ცხედრებს ეძებენ, ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჯარისკაცმა იცოდეს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მათ მარტო არ დატოვებენ. მანამ მოძებნიან, სანამ არ იპოვიან და სახლებში არ დააბრუნებენ…