სახალხო დამცველის ახალი ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს მოსწავლის სტატუსი 13 000-ზე მეტ სკოლის მოსწავლეს შეუჩერდა, ან შეუწყდა. მოსწავლის სტატუსის შეჩერების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია თბილისში, აჭარაში, იმერეთსა და კახეთში.
სკოლას ყოველწლიურად ათასობით მოსწავლე ტოვებს. მოსწავლის სტატუსის შეჩერება სხვადასხვა მიზეზით ხდება, თუმცა ყველაზე ხშირად სტატუსის შეჩერების საფუძველი საზღვარგარეთ ოჯახთან ერთად გამგზავრებაა.
სახალხო დამცველის ახალ ანგარიშში ვკითხულობთ, 2023 წელს მოსწავლის სტატუსი 13 401 მოსწავლეს შეუწყდა.
ორგანიზაცია “მშობლები განათლებისთვის“ დამფუძნებელი მეგი კავთუაშვილი მოსწავლის სტატუსის შეჩერებას სკოლებში არსებულ მნიშვნელოვან პრობლემებს უკავშირებს.
„ახალგაზრდა ოჯახები ბავშვებთან ერთად მიდიან ქვეყნიდან იმიტომ, რომ თუ ოჯახი ფინანსურად ძლიერი არ არის, მათი შვილი აქ ხარისხიან განათლებას ვერ იღებს. როდესაც მშობლები საზღვარგარეთ სამუშაოდ მიდიან, შვილებიც მიჰყავთ. მათ არ ემეტებათ, რომ შვილები დატოვონ ისეთ სკოლებში, როგორიც დღეს გვაქვს. როგორია ქართული სკოლები? აღარ ვსაუბრობთ იმაზე, რომ თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და თანამედროვე მიდგომების სკოლები უნდა გვქონდეს. ვამბობთ იმას, რომ საპირფარეშოები უნდა დასუფთავდეს, ბავშვებს კვება უნდა შეეძლოთ, მასწავლებლები არ უნდა ყვიროდნენ და მათ ელემენტარული სამუშაო პირობები უნდა ჰქონდეთ იმისთვის, რომ ბავშვებს ხარისხიანად ასწავლონ“.
მოსწავლეებს სტატუსი შეუჩერდათ, ან შეუწყდათ დავალიანების გადაუხდელობის, სკოლიდან გარიცხვის, დაოჯახების, პროფესიულ კოლეჯში სწავლის, მუშაობის დაწყებისა და სხვა მიზეზების გამოც, თუმცა სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ქართველი მოსწავლეები სკოლას უმეტესად საზღვარგარეთ გამგზავრების მიზეზით ტოვებენ. 2023 წელს სტატუსი 5604 მოსწავლეს სწორედ ამ მიზეზით შეუწყდა.
სკოლებიდან მოსწავლეთა გადინება სოფლებში განსაკუთრებით იგრძნობა. მასწავლებელი ამბობს, რომ სულ ახლახან სოფელ ჩიბათიდან საზღვარგარეთ ორი მოსწავლე გაემგზავრა.
„ამ პრობლემებზე არავინ საუბრობს. არ საუბრობენ იმაზე, რომ მოსწავლეები და მშობლები საზღვარგარეთ მიდიან, რათა სიღარიბეს თავი დააღწიონ. სხვა პრობლემები წამოვწიეთ წინ. მე ვერ ვხვდები, საქართველოს მოსახლეობას, ქართველ ხალხს რატომ უნდა აინტერესებდეს ვიღაცის შემოსავლები, როცა ქართული სკოლები მოსწავლეებისგან იცლება“, – ამბობს მასწავლებელი ლადო აფხაზავა.
მოსწავლის სტატუსის შეჩერების ტენდენცია მზარდია. შედარებისთვის, 2020 წელს სტატუსი 6704 მოსწავლეს შეუწყდა. სწავლის მიტოვებისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია თბილისში, აჭარაში, იმერეთსა და კახეთში.