საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გულშემატკივრებს დიდი ხნის ოცნება აუსრულა – საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
ფეხბურთელებს 120 წუთის განმავლობაში, უწყვეტად ქომაგობდნენ გულშემატკივრები. თამაშის დღეს დინამო არენაზე პირველი მუხტი სწორედ მათ შექმნეს. ქომაგები ისტორიულ მატჩზე მსვლელობით მივიდნენ. თამაშის დაწყებამდე უკვე ისმოდა შეძახილები, სიმღერები და ჩანდა იმედი, რომ გამარჯვება შესაძლებელი იქნებოდა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. ორივე ნაკრები საკმაოდ ფრთხილობდა, თუმცა ამის მიუხედავად, ორივე გუნდის ფეხბურთელებს ჰქონდათ გოლის გატანის შესაძლებლობა. არც ამ დროს დაღლილან გულშემატკივრები. არ შეწყვეტილა ოვაციები…
შეხვედრაში თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა. „დინამო არენაზე“ დაძაბულობამ კიდევ უფრო იმატა. გადამწყვეტი გამარჯვების თერთმეტმეტრიანი შეცვლაზე შემოსულმა ნიკა კვეკვესკირმა ზუსტად შეასრულა და საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ზე გაიყვანა.
ამის შემდეგ კი ნამდვილი ზეიმი დაიწყო. სტადიონზე მისული 50 ათასზე მეტი გულშემატკივარი სათამაშო მოედანზე შეიჭრა. შემდეგ კი მსვლელობით რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლეს. მათ ავტომობილების კოლონები შეუერთდა. რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა ყველა, მათ შორი ისინიც, ვინც მატჩზე დასასწრებად სტადიონზე მისვლა ვერ შეძლეს.
მოგვიანებით, რესპუბლიკის მოედანზე, გულშემატკივრებთან ფეხბურთელებიც მივიდნენ. მათ სცენიდან კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა ყველას, მთელ ქვეყანას, რადგან ეს გამარჯვება ნამდვილად ყველას გამარჯვება იყო.
ზეიმი თბილისის ქუჩებში მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ქუჩებში არ წყდებოდა ავტოკოლონები და მანქანების საყვირების ხმები. და გულშემატკივრების სიმღერა, რომელიც დიდი გამარჯვების შემდეგ, უკვე ნაკრების სიმბოლოდაც იქცა.
თორნიკე კოპლატაძე