ფერად სამოსში გამოწყობილი მსახიობები ქაღალდის თვითმფრინავებს ჰაერში აფრენდნენ… თვითმფრინავები ქაღალდისგან თავადვე გაუკეთებიათ.
ინტეგრირებული თეატრი – „აზდაკის ბაღი“ ინკლუზიური დასია. ამჯერად ისინი, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლის სცენაზე, ნოდარ დუმბაძის „ჰელადოსს“ დგამენ.
როგორც სპექტაკლის რეჟისორი, ბაჩო გაბრუაშვილი ამბობს, ინტეგრირებული თეატრის მიზანი შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაცია და მათი სამსახიობო ნიჭის გამოვლენაა.
„ მოთხრობა „ჰელადოსი“ ყველას გულთან ახლოს მიაქვს. ვისაც წაკითხული აქვს, ყველას უყვარს. „ჰელადოსი“ ძალიან ბევრჯერ დადგმულა, ყველას უნახავს ან უთამაშია. და ჩვენც ჩვენებური ვერსია გავაკეთეთ. მიზანი კი ერთია – ჩვენ ვართ თეატრი და სპექტაკლებს ვდგამთ“, – ამბობს ივანე (ბაჩო) გაბრუაშვილი, სპექტაკლის რეჟისორი.
ინკლუზიური დასის მსახიობები უკვე რამდენიმე თვეა ყოველ დღე გადიან რეპეტიციას. ამბობენ, რომ მოუთმენლად ელოდებიან მაყურებელს და ეპატიჟებიან ყველას, ვისაც თეატრი უყვარს. და კიდევ ამბობენ, რომ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ მთავარი მესიჯი სიყვარულის გაზიარებაა…
„მოთხრობის გმირები არიან იანგული, ჯემალი, დეიდა ნინა და სხვა. მე დეიდა ნინას ვთამაშობ. ეს დადგმა ძალიან ემოციურია“, – თქვა სესილი ღვინჯილიამ.
„ ჩვენ აქ ყველანი მეგობრები ვართ. სიყვარულისა და ღირსების მატარებლები ვართ… მიყვარხარ, მიყვარხარ“, – ამბობს გიგო შიუკაშვილი.