ხვალ, 21 მარტს, თბილისის დროით 21:00-ზე ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები ლუქსემბურგს დაუპირისპირდება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია და ქართველ ფეხბურთელებს დინამო არენაზე შეკრებილი 50 000-ზე მეტი გულშემატკივარი დაუჭერს მხარს. ყვითელი ბარათების გამო ხვალინდელ მატჩში საქართველოს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება, თუმცა გუნდის სხვა ლიდერები ძალიან კარგ ფორმაში არიან და ყველანაირად შეეცდებიან ამ ისტორიულ მატჩში გამარჯვებას. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები შეკრებაზე საგურამოში იმყოფება და ბოლო ვარჯიშს ატარებს, სადაც მათ გასამხნევებლად “ქართული სპორტის ქომაგები” ჩავიდნენ. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ისაუბრეს.
“სულისკვეთება ძალიან მნიშვნელოვანია და ამის გარეშე ვერაფერს მივაღწევთ. ფეხბურთელებს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ კონცენტრაციაა საჭირო. ლუქსემბურგთან მნიშვნელოვანი იქნება რამდენად ხარისხიანად და გონივრულად ვითამაშებთ.
თამაში ხვალ არის და მოსამზადებლად მცირე დრო გვქონდა. თითოეულმა ფეხბურთელმა იცის თავისი საქმე. სიურპრიზები ამჯერად არ იქნება.
ლუქსემბურგის ყველა თამაში ვნახე. არ უნდა მოვდუნდეთ და მეტოქე დავაფასოთ. მთავარია, ბოლომდე დავიხარჯოთ და საკუთარი შესაძლებლობები გამოვავლინოთ. ვეცდებით, ბურთი გავაკონტროლოთ. მთავარია, ფეხბურთელებმა მოედანზე ყველაფერი გაიღონ”, – ამბობს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი.
,,პირველ რიგში, მონატრებულზე ერთმანეთის ნახვა ბიჭებს განსაკუთრებით გვიხარია. ყველანი მოუთმენლად ველოდებოდით ამ თამაშებს. მატჩებს, რომლებიც ჩვენთვის კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრები იქნება. განწყობა და შემართება ნაკრებში არასდროს ყოფილა პრობლემა და ამ თამაშისთვის საბრძოლო სულისკვეთება გაასმაგებულია”, – ამბობს ოთარ კიტეიშვილი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი.