20 მარტი ბედნიერების საერთაშორისო დღეა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დღესასწაული 2012 წელს დააწესა და ბედნიერებისკენ სწრაფვა ადამიანის ფუნდამენტურ მიზნად აღიარა.
მართალია, ბედნიერების აღქმა სუბიექტურია, მაგრამ მისი გაზომვა მეტ-ნაკლებად მაინც შესაძლებელია – სად არის საქართველო ბედნიერების ინდექსში…
რა არის ბედნიერება? რომელ განცდას გამოხატავს ეს სიტყვა? ან როგორია ბედნიერი ადამიანი?
ამის განსაზღვრა წარმოუდგენლად გვეჩვენება, თუმცა რაღაც თვალსაზრისით ბედნიერების გაზომვაც შეიძლება.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ბედნიერების ანგარიშს ყოველწლიურად აქვეყნებს. გლობალური ბედნიერების ინდექსი სხვადასხვა ეკონომიკური თუ სოციალური მაჩვენებლების მიხედვით, ქვეყნებს სარეიტინგო ქულებს ანიჭებს. 2023 წლის მონაცემების მიხედვით, ამ რეიტინგში საქართველო 90-ე ადგილს იკავებს.
NEW: World Happiness Report 2024 is here! Explore the full report to understand the state of global happiness, the happiest countries in the world, and what we can learn about generational differences in wellbeing.
🧵1/16 | #WHR2024 pic.twitter.com/kZFu6QVAZ3
— World Happiness Report (@HappinessRpt) March 20, 2024
„საგულისხმოა, რომ საქართველო ჩამორჩება მეზობელ ქვეყნებს, მაგალითად, სომხეთს. სომხეთში მოსახლეობა ყველა ამ ინდიკატორის მიხედვით თავს უფრო ბედნიერად გრძნობს. საქართველო რუსეთსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ბევრ ქვეყანასაც ჩამორჩება. შეიძლება ითქვას, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის საქართველო ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა“, – აღნიშნავს იაგო კაჭკაჭიშვილი.
Wednesday is #HappinessDay.
During times of difficulty, looking after mental health can help increase feelings of happiness and overall well-being.
📚 Relaxing
🧘 Practicing mindfulness
🤗 Connecting with loved ones & morehttps://t.co/lBqZVVzFIt pic.twitter.com/tk3vJTmS7H
— United Nations (@UN) March 20, 2024
ფსიქოლოგი ნათია ტურაშვილი აღნიშნავს, რომ ადამიანები ბედნიერებას სხვადასხვაგვარად უყურებენ, თუმცა მნიშვნელოვანი კომპონენტების გამოყოფა მაინც შეიძლება. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჯანსაღი ურთიერთობები, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ფინანსური კეთილდღეობა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობაა. ფსიქოლოგი ამბობს, რომ ბედნიერებისთვის საკუთარ თავზე მუშაობაა საჭირო, თუმცა გლობალურ რეიტინგში მაღალგანვითარებული, მდიდარი სახელმწიფოების დომინირება სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების მნიშვნელობას ადასტურებს.
„ბედნიერებაზე, რა თქმა უნდა, გარემოც მოქმედებს. ხშირ შემთხვევაში საკუთარ თავთან მუშაობა ბედნიერებისთვის საკმარისი არ არის, რადგან სოციალური ფონი, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაცია მნიშვნელოვნად მოქმედებს. ბედნიერების ინდექსის მიხედვით, პირველ ათეულში სწორედ ის ქვეყნებია, სადაც არის უსაფრთხო გარემო და სოციალური გარანტიები. ეს მოქალაქეების ბედნიერებაზე ახდენს გავლენას. რაც შეეხება საქართველოს, აქ მოსახლეობას აქვს საკმაოდ დიდი გამოწვევა, მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობის ხარჯზე იყოს ბედნიერი. თუ ადამიანს არ აქვს უსაფრთხოების განცდა სამსახურში, არ აქვს სამედიცინო დაზღვევა და გარკვეული სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობა, არ იცის, როგორ უნდა გამოკვებოს ოჯახი და ა. შ., ძალიან უხერხულია, უთხრა, რომ ბედნიერი უნდა იყოს“, – ამბობს თათია ტურაშვილი.
ბედნიერების ინდექსის დასადგენად კვლევას საერთაშორისო კომპანია „გელაპი“ ატარებს. კითხვარში, რომელსაც კვლევის მონაწილეები ავსებენ, ჩართულია ისეთი ინდიკატორები, როგორებიცაა მატერიალური კეთილდღეობა, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციისა და რეკრეაციის შესაძლებლობები. სწორედ ამ ინდიკატორებით იზომება მსოფლიოს ქვეყნების ბედნიერების ხარისხი.
The U.S. ranks in the top 10 happiest countries for those 60 and older. But for those under 30, it ranks 62nd.
New data: https://t.co/aKT6OhtgKb pic.twitter.com/P2gaUzNXKu
— GallupNews (@GallupNews) March 20, 2024
2023 წლის რეიტინგის ლიდერი ფინეთია. ეს ქვეყანა პირველობას 2018 წლიდან ინარჩუნებს. ფინეთთან ერთად მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ხუთეულშია დანია, შვეიცარია, ისლანდია და ნიდერლანდები. რეიტინგში სომხეთი 79 ადგილზეა, რუსეთი კი 70-ე ადგილზე.
„ვის ვუსწრებთ? ვუსწრებთ აფრიკის ქვეყნებს, თანაც არა ყველას, ასევე აზიის ზოგიერთ ქვეყანას. ეს არ არის კარგი მაჩვენებელი საქართველოსთვის და სრულიად ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობას ამ ქვეყანაში ცხოვრება მაინცდამაინც არ უხარია. ეს ბევრ რამეზე აისახება, მათ შორის, ემიგრაციის ტალღაზე, რომელიც ბოლო წლებში კიდევ უფრო გაძლიერდა. ასიათასობით ადამიანი ტოვებს ქვეყანას და მიზეზი სწორედ ესაა“, – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.
თუმცა „საბედნიერო“ წინსვლა მაინც არის: 2020 წელს საქართველო რეიტინგის მიხედვით 115-ე ქვეყანა იყო, წელს კი ქვეყანა 90-ე ადგილს იკავებს. რეიტინგში წინსვლას სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი არა სოციალურ-ეკონომიკურ ცვლილებებს, არამედ გლობალური კონფლიქტების ფონზე ქვეყანაში არსებულ მშვიდობას უკავშირებს: „მე ვფიქრობ, რომ ამ წინსვლაში თავის როლს თამაშობს უსაფრთხოება, კერძოდ, ომისგან დაცულობა და მშვიდობის უზრუნველყოფა. ჩვენ ვცხოვრობთ სამხედრო დაპირისპირებისა და ომისგან გამოწვეული კატაკლიზმების არა ეპოქაში, არამედ უშუალოდ გარემოში. ჩვენს არცთუ შორეულ სამეზობლოში ხდება ეს საომარი დაპირისპირებები. საქართველოს მოსახლეობას, მით უფრო უახლოესი წარსულიდან გამომდინარე აქვს შიში თუ ფობია, რომ შეიძლება აგრესორი ისევ დაგვესხას თავს. როგორც ჩანს, იმან რომ ამ გლობალური კატასტროფების ფონზე საქართველოში ომი და სამხედრო დაპირისპირება არ მომხდარა და საქართველოს მოსახლეობა გარე აგრესიისგან თავს დაცულად გრძნობს, ბედნიერების ინდექსის მაჩვენებელი გააუმჯობესა. მე ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი ფაქტორი ეს არის, რადგან სოციალურ-ეკონომიკური ინდიკატორების თვალსაზრისით მნიშვნელოვან წინსვლისთვის, მაგალითად, სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევის მიმართულებით გარღვევისთვის ან წინსვლისთვის საქართველოს არ მიუღწევია“,
20 მარტი გაზაფხულის ბუნიობის დღეა. ბედნიერების საერთაშორისო დღეს დღისა და ღამის ხანგრძლივობა ერთმანეთს უტოლდება. დღესასწაულის ინიციატორებს ამით იმის ხაზგასმა სურდათ, რომ ბედნიერების უფლება მსოფლიოში ყველა ადამიანს თანაბრად აქვს.