რუსეთში 3-დღიანი არჩევნები დასრულდა. მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იქნება.
“პირველ რიგში მსურს მადლობა გადავუხადო რუსეთის მოქალაქეებს. ჩვენ ერთი გუნდი ვართ. მადლობა ყველას ვინც საარჩევნო უბნებში მივიდა და ხმა მისცა”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის პრეზიდენტმა.
ბოლო საარჩევნო უბნის დახურვიდან მალევე წინასწარი შედეგები გახდა ცნობილი. მიღებული სურათით არავინ გაკვირვებულა, ვლადიმერ პუტინმა ხმების 87,34% მოიპოვა.
ყველაზე მეტი ხმა, 98,99%, პუტინმა ჩეჩნეთში მიიღო, ხოლო მოსკოვში პუტინს ამომრჩეველთა 85,57%-მა დაუჭირა მხარი.
ხმების დანარჩენი ნაწილი სამმა სიმბოლურმა კანდიდატმა გადაინაწილა, ისევე როგორც გასულ საპრეზიდენტო არჩევნებში, მეორე ადგილზე კომუნისტური პარტიის კანდიდატი გავიდა, ამჯერად დუმის დეპუტატი ნიკოლაი ხარიტონოვი ხმების 4,3%-ით. მას მოსდევს დუმის ვიცე-სპიკერი, პარტია „ახალი ხალხის“ კანდიდატი ვლადისლავ დავანკოვი და „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი.
მართალია, საარჩევნო ბიულეტენზე არ ყოფილან მისი ყველაზე მწვავე კრიტიკოსები, რომლებიც ან საზღვარგარეთ ემიგრაციაში, ან ციხეში არიან. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცა ლიბერალ პოლიტიკოს ბორის ნადეჟდინს, რომელიც ღიად ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ომს უკრაინაში.
ბიულეტენზე არ იყო არც პუტინის ყველაზე ძლიერი პოლიტიკური მეტოქე ალექსეი ნავალნი, რომელიც გასულ თვეს პატიმრობაში გარდაიცვალა. თუმცა გარდაცვალებამდე თანამოაზრეებთან ერთად მან ქვეყნის მოქალაქეებს სთხოვა საარჩევნოდ კენჭისყრის ბოლო დღეს, შუადღეს გამოცხადებულიყვნენ და ხმა ან არცერთი, ან ვლადიმერ პუტინის გარდა ნებისმიერი სხვა კანდიდატისთვის მიეცათ.
მკაცრი კონტროლის მიუხედავად, კენჭისყრის პერიოდში საარჩევნო უბნებზე ვანდალიზმის რამდენიმე ათეული შემთხვევა დაფიქსირდა. პროტესტის ფარგლებში სახელწოდებით “შუადღე პუტინის წინააღმდეგ” არაერთ ქალაქში ამომრჩევლებმა საარჩევნო ყუთებს საღებავი შეასხეს, ზოგმა ხანძრის გაჩენით სცადა ხმის მიცემის პროცესის ჩაშლა.
სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები რუსები ხმის მისაცემად ერევანში, რუსეთის საელჩოში, მივიდნენ. ბევრი მათგანი სომხეთში საქართველოდან ჩავიდა.
“დიახ, მე ვმონაწილეობ პროტესტში ,,შუადღე პუტინის წინააღმდეგ“. აქ თბილისიდან ჩამოვედი, რადგან საქართველოში საარჩევნო უბანი არ გაუხსნიათ. ვიცოდი, რომ ბევრი ხალხი იქნებოდა, მაგრამ ამდენს მაინც არ ველოდი. როგორც ჩანს, ყველა ვერც შეძლებს ხმის მიცემას, მაგრამ მაინც სასიამოვნოა ამდენი თანამოაზრის ხილვა”, – ამბობს ამომრჩეველი.
კენჭისყრის დახურვამდე სულ ცოტა ხნით ადრე ბერლინში საკუთარი პოზიცია გამოხატა ალექსეი ნავალნის მეუღლემ იულია ნავალნაიამ.
“შეიძლება გაინტერესებთ, რა მივუთითე ბიულეტენში, ვის მივეცი ხმა… რა თქმა უნდა, მე დავწერე გვარი ნავალნი. დაუჯერებელია, რომ საპრეზიდენტო კამპანიის მიმდინარეობისას, არჩევნებამდე სულ რაღაც ერთი თვით ადრე, პუტინის მთავარი მეტოქე, რომელიც ისედაც ციხეში იჯდა, მოკლეს. ნუ მთხოვთ რომ მივმართო ვლადიმერ პუტინს. მასთან მოლაპარაკება შეუძლებელია. ის არის მკვლელი, ბანდიტი… ადამიანი, რომელმაც ჩემს ქვეყანას ომი მოუტანა”, – ამბობს იულია ნავალნაია.
Не понимаю, чей Песков пресс-секретарь – мой или Путина https://t.co/US4hW1A2TA
— Yulia Navalnaya (@yulia_navalnaya) March 18, 2024
დამოუკიდებელი დამკვირვებლების შეფასებით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მრავალი დარღვევის ფონზე ჩატარდა, მათ შორის იყო ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრა და სხვა. თუმცა გამარჯვებული კანდიდატის აზრით, რუსეთის არჩევნები დემოკრატიულია.
“კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, ამ სახელმწიფოს ავტორიტეტის წყარო რუსი ხალხია.
თქვენ გაინტერესებთ ჩემი აზრი, არის თუ არა ჩვენი არჩევნები დემოკრატიული. მე მჯერა, რომ დემოკრატიულია”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის პრეზიდენტმა.
ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი მე-5 ვადით ხდება. 2020 წელს დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, იგი საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას 2030 წელსაც შეძლებს.