ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩოპროექტები მოამზადა. ეს მორიგი წინ გადადგმული ნაბიჯია ამ ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად კი საჭიროა, რომ ბლოკის ყველა წევრი ქვეყნის ლიდერმა ერთსულოვნად დაუჭიროს მხარი ჩარჩოპროექტებს. დამტკიცების შემთხვევაში, ეს იქნება გაწევრიანების მოლაპარაკებების ფორმალური დასაწყისი.
ევროკომისიის ცნობით, მოლაპარაკებების ჩარჩოპროექტი ეფუძნება ბლოკის გასული გაფართოებების გამოცდილებას, ისევე როგორც ამჟამინდელ კანდიდატებთან მიმდინარე გაწევრიანების პროცესს. მასში გათვალისწინებულია გაფართოების განახლებული მეთოდოლოგიაც.
ეს ჩარჩოპროექტები მოიცავს გაწევრიანების მოლაპარაკებების პრინციპებს და იგი სამ ნაწილადაა დაყოფილი:
- გაწევრიანების მოლაპარაკებების მარეგულირებელი პრინციპები
- გაწევრიანების მოლაპარაკებები შინაარსი
- გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცედურა
ამის შემდგომ ეტაპზე ევროკავშირის საბჭომ უნდა დაიწყოს შიდა განხილვა. ეს ჩარჩოპროექტები საჭიროებს ერთსულოვან დამტკიცებას წევრი ქვეყნების ლიდერების მხრიდან. დამტკიცების შემთხვევაში უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად მთავრობათაშორის კონფერენციაზე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა წარადგენს იმ პოზიციას, რაზეც ბლოკში ერთობლივად შეთანხმდებიან. ეს იქნება გაწევრიანების მოლაპარაკებების ფორმალური დასაწყისი და საჯაროდ ცნობილი გახდება ჩარჩოპროექტების შინაარსიც.
თავის მხრივ, მოლაპარაკების ოფიციალურად დაწყების მიზანია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ სრულად მიიღონ და დაამტკიცონ ის ძირითადი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც ევროკავშირის კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და უზრუნველყონ მათი სრული აღსრულება.
ამ ყველაფრის ფონზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინამ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმების მიუხედავად, უკრაინამ, ისევე როგორც მოლდოვამ, საოცარი გამძლეობა გამოიჩინა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირადად მადლობა გადაუხადა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს მოლაპარაკებების ჩარჩოპროექტების წარდგენისთვის. მან თქვა, რომ ეს არის დროული წინ გადადგმული ნაბიჯი გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისკენ. მან აღნიშნა, რომ ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობისა და კეთილდღეობის დამყარების გზაზე ბლოკის გაფართოებას ალტერნატივა არ აქვს.
უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკების გახსნაზე ევროკავშირის ლიდერები დეკემბერში გამართულ სამიტზე შეთანხმდნენ, მიუხედავად უნგრეთის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგობისა.
Meeting before the #EUCO with @CharlesMichel, @EmmanuelMacron, @Bundeskanzler and @vonderleyen. Enlargement is a merit-based process. There are no exceptions! pic.twitter.com/id4U18FxST
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) December 14, 2023
ვიქტორ ორბანი ამბობდა, რომ მისი აზრით, უკრაინა არ არის მზად მოლაპარაკებების დასაწყებად. იგი ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის მორიგი ფინანსური დახმარების პაკეტის დამტკიცებასაც და მან ასევე გააკრიტიკა კიევი იმისათვის, რომ ის ვერ იცავს ქვეყნის დასავლეთში მცხოვრები უნგრელი უმცირესობების უფლებებს. თუმცა დეკემბერში ევროპელმა ლიდერებმა შეძლეს ორბანის წინააღმდეგობის გადალახვა. მათ ტაქტიკურად სთხოვეს ვიქტორ ორბანს, დაეტოვებინა ოთახი და თავი შეეკავებინა კენჭისყრაში მონაწილეობაზე.
ახლა უკრაინას, ისევე როგორც მოლდოვას, კვლავ ესაჭიროება ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის ლიდერის ერთსულოვანი მხარდაჭერა, რათა დამტკიცდეს ჩარჩოპროექტები და შესაბამისად, ორბანს კიდევ ერთხელ მიეცემა შესაძლებლობა, დაადოს ვეტო და შეაფერხოს მოლაპარაკებების დაწყების პროცესი.
სტანდარტულად ევროკავშირის ისტორიის განმავლობაში ბლოკში გაწევრიანება მტკივნეულად ხანგრძლივი პროცესი გახლდათ, თუმცა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი ევროპის კართან მივიდა, ევროკავშირის გაფართოებას ახალი იმპულსი მიეცა.
უკრაინამ გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის 28 თებერვალს შეიტანა. რამდენიმე დღეში მას მოლდოვამაც მიბაძა და სულ რაღაც 4 თვეში ორივე ქვეყანას უკვე ჰქონდა კანდიდატის სტატუსი. ეს ბლოკის ისტორიაში უპრეცედენტოა.
In an increasingly fragmented world, we need an even stronger & united community of values.
Enlargement is key to achieve that.
This is why it has been a priority since day one of my mandate.
And why I remain committed to a future with all Western Balkan partners in our Union pic.twitter.com/96S2T2XCVk
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) December 13, 2023
ბიძგი მიეცა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანების პროცესსაც. ბოსნია და ჰერცეგოვინა გახდა ამ რეგიონიდან მეხუთე ქვეყანა, რომელმაც მიიღო მწვანე შუქი გაწევრიანების მოლაპარაკებებზე. შედეგად, იგი შეუერთდა ალბანეთს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და სერბეთს. თუმცა კვლავ რჩება კითხვები, თუ რამდენად მიზანშეწონილია უკრაინის ბლოკში გაწევრიანება მანამ, სანამ ქვეყანაში კვლავ ომია და კვლავ გრძელდება რუსული აგრესია.
ელენე ცუცქირიძე