მთავარისაქართველოგაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიში საქართველოს შესახებ

გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიში საქართველოს შესახებ

როგორც სპეციალური მომხსენებლის ანგარიშში ვკითხულობთ მერი ლოლერმა საკუთარი ვიზიტის დროს ნახა, რომ საქართველოს ჰყავს ძალიან ძლიერი, მიზანმიმართული და მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც წლების განმავლობაში უფრო და უფრო იზრდება და ფართოვდება. იგი აღნიშნავს, რომ ეს ქვეყნისთვის ძალიან საამაყო რამაა, თუმცა ანგარიშში გამოყოფილია რამდენიმე საკვანძო საკითხი, რომელიც იწვევს შეშფოთებას ადამიანის უფლებების მდგომარეობის კუთხით.

პირველ რიგში ეს არის უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღების მცდელობა.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, იმის მიუხედავად, რომ მასობრივი პროტესტის ფონზე შეთავაზებული კანონპროექტი გაიწვიეს, მერი ლოლერს არაერთმა უფლებადამცველმა გაუზიარა, რომ ამ კანონის მიღების მცდელობის შემდეგ მათ გაუჩნდათ დაუცველობის განცდა. ეშინიათ, რომ ამა თუ იმ ფორმით კვლავ შეეცდება მმართველი პარტია იმავე ან მსგავსი კანონის მიღებას, რაც მნიშვნელოვნად წაახალისებს ულტრამემარჯვენე ჯგუფებს, რომლებიც ასევე ხშირად საუბრობენ ე.წ. “უცხო ქვეყნის აგენტებსა“ და „შიდა მტრებზე“ და ამ კანონის წარდგენამ და მხარდაჭერამ მმართველი პარტიის მხრიდან მისცა გარკვეული ლეგიტიმაცია მსგავს განცხადებებს.

გაეროს სპეციალურ მომხსენებელს მმართველ პარტიაში განუმარტეს, რომ ამ კანონის აღდგენის საშიშროება არ არსებობს, თუმცა ეს არ ცვლის იმ ზიანს, რაც კანონის წარდგენამ უკვე მიაყენა უფლებადამცველებს საქართველოში. ამისათვის მეტად პროაქტიული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, რათა ნაწილობრივ მაინც აღდგეს ნდობა. თუმცა როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ამის საპირისპირო ხდება. სახელმწიფო არ ცდილობს საზოგადოების ნდობის ხელახლა მოპოვებას. არამედ პირიქით, დგამს მორიგ საზიანო ნაბიჯებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება სამოქალაქო საზოგადოებრივ და ახალგაზრდულ პროტესტს. ამის მაგალითია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი, რომლის მიღების შემდეგაც გამკაცრდა პროტესტისთვის დროებითი კონსტრუქციების მოწყობის წესები. იგულისხმება კარვების, სცენებისა თუ სხვა კონსტრუქციების დადგმა.

ანგარიშში ასევე აღწერილია ლგბტქ+ თემის უფლებადამცველების მდგომარეობა. ანგარიშის თანახმად ის ფაქტი, რომ გრძელდება ლგბტ თემის უფლებადამცველებზე თავდასხმა და კვლავ არ ისჯებიან დამნაშავეები, ცხადყოფს, რომ ამ მიმართულებით არ არსებობს პოლიტიკური ნება. ეს ჩანს ქვეყნის ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმაშიც, სადაც ნახსენებიც არ არის ის პრობლემები, რომელთაც ლგბტ თემის წარმომადგენლები აწყდებიან. ამ საკითხზე არანაირ განცხადებას თუ კომენტარს არ აკეთებენ მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ლგბტ თემს მოიხსნიებენ ,,პროპაგანდის“ ჭრილში.

ამ ყველაფერს ამძიმებს ისიც, რომ ქვეყანაში არ არის დაცული ლგბტ ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. არ ისჯებიან ის ადამიანები, ვინც თავს ესხმიან მათ და მათ უფლებადამცველებს და არ აძლევენ შეკრების შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ ის პირები, რომლებიც თავს ესხმიან ლგბტქ ადამიანებს და მათ უფლებადამცველებს, არიან იგივე პირები, რომლებიც ემუქრებიან და ავიწროებენ სხვა უფლებადამცველებსაც საქართველოში. ესენი გახლავთ სხვადასხვა ულტრამემარჯვენე თუ ულტრაკონსერვატიული დაჯგუფების წარმომადგენლები.

როგორც გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიშში ვკითხულობთ, ამა თუ იმ ძალადობრივი ჯგუფის გარდა ჟურნალისტებს საქმიანობის შესრულებაში ხელისუფლებაც უშლის ხელს. ამაზე მიანიშნებს ის ფაქტი, რომ იკლო ინფორმაციის გამოთხოვნაზე პასუხების მაჩვენებელმა. მნიშვნელოვნად შემცირებულია ამ მხრივ სახელმწიფოს რეაგირება. ამასთან ერთად, ქვეყანაში 2021 წლის ივლისის მოვლენების შემდეგ ჟურნალისტები შიშობენ საკუთარი ფიზიკური უსაფრთხოების გამოც, ისინი არ გრძნობენ თავს დაცულად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, განსაკუთრებით კი ქალი და შშმ ჟურნალისტები.

დამოუკიდებელი და ქალაქგარეთ მომუშავე ჟურნალისტებიც ხაზს უსვამენ, რომ იმატა მათ მიმართ სიძულვილის ენამ, განსაკუთრებით ქალების მიმართ. ეს ფაქტიც დაკავშირებულია ულტრამემარჯვენე ჯგუფების გაძლიერებასთან, რომელთა სამიზნეებიც ხშირად ხდებიან ჟურნალისტები.

საქართველოში უამრავი უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო არ მოქმედებს მათ ინტერესებში, მათ დასახმარებლად თუ მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მათ არ სჯერათ, რომ რაიმე კეთდება მათთვის ხელსაყრელი სამუშაო გარემოს შესაქმნელად. არამედ პირიქით, სახელმწიფო აქტიურად უთხრის ძირს უფლებადამცველების საქმიანობას და საფრთხეში აგდებს მათ.

როგორც ანგარიშში წერია, სახელმწიფო არ იზიარებს ამ მოსაზრებებს, მმართველი გუნდის წარმომადგენლებს არ მიაჩნიათ, რომ არსებობს რაიმე ლეგიტიმური საფუძველი ამ ეჭვებისა თუ შიშისთვის. თუმცა უდავოა, რომ ეს არის უფლებადამცველების ყოველდღიური განცდა. მერი ლოლერის თქმით, ეს ფაქტი თავისთავად საკმარისი უნდა იყოს ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, რომლისთვისაც ღირებულია ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, რომ გადადგას ნაბიჯები ცვლილებისთვის.

ელენე ცუცქირიძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend