მთავარისაქართველოარასამთავრობოები: "ვეტინგზე უარით ფერხდება ევროინტეგრაციის პროცესი"

არასამთავრობოები: “ვეტინგზე უარით ფერხდება ევროინტეგრაციის პროცესი”

უკვე მრავალი წელია ადგილობრივი ორგანიზაციები თუ საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს მიუთითებენ სასამართლო სისტემაში არსებული სერიოზული პრობლემების შესახებ.

დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა ევროკავშირმა საქართველოს პრიორიტეტადაც განსაზღვრა.

ევროკომისიამ რეკომენდაციის სახით საქართველოს ურჩია, რომ შემოწმდეს მართლმსაჯულების სისტემაში დანიშნული პირების კეთილსინდისიერება.

ამ თემასთან დაკავშირებით 13 მარტს ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა.

ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლებამ დროულად უნდა აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და დაიწყოს იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ევროკომისიის მიერაა განსაზღვრული.

„ხელისუფლება არ აღიარებს ფუნდამენტურ პრობლემებს სასამართლოში სისტემაში. მისი შეხედულებით სასამართლოს სჭირდება მხოლოდ კოსმეტიკური გაუმჯობესება, მხოლოდ მცირე ცვლილებები მაშინ, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს სასამართლო ვერ ასრულებს საკუთარ ფუნქციას ჯეროვნად, ვერ აკმაყოფილებს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის კრიტერიუმებს. იმიტომ, რომ სასამართლოში არსებობს კლანური მმართველობა, ანუ არსებობს მოსამართლეთა ჯგუფი, რომელიც აკონტროლებს მთლიანად სისტემას. შესაბამისად, ეს სისტემა ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც არის კონსტიტუციის მოთხოვნა და რაც არის საერთაშორისო სტანდარტი სასამართლოსთან მიმართებით“, – ამბობს გიორგი ჩიტიძე, “სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” პროგრამის მენეჯერი.

მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას, ანუ ე.წ. ვეტინგის დანერგვას არ ეთანხმებიან ხელისუფლებაში. მათ მიაჩნიათ, რომ პროცესში უცხოელების მონაწილეობით ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხე შეექმნება.

მათი აზრით, ეს სისტემა ასევე ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მსგავსი რამ საქართველოში 2004 წელს განხორციელდა და ამან შედეგად მოიტანა სასამართლოს სრული დამორჩილება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ.

„ირაკლი კობახიძე რომელ პერიოდზეც საუბრობს, მაშინ ასეთი რამ არ მომხდარა, მაშინ მოხდა სულ სხვა რაღაცა, მოსამართლეები გაუშვეს მთლიანად სისტემიდან და მერე სხვა პროცესები წავიდა და ეს სრულებით არარელევანტურია შესადარებლად. ახლა ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ შემოწმდეს დაახლოებით 60 ადამიანის კეთილსინდისიერება, ანუ ევროკომისიის შეფასებაში საუბარია საბჭოს წევრებზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებსა და ასევე სასამართლოების თავმჯდომარეებზე, ეს არის კეთილსინდისიერების შემოწმების პროცედურა”, – ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი, „სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელი.

არასამთავრობო ორგანიზაციებში მიაჩნიათ, რომ ქართული მართლმსაჯულების პრობლემებს მხოლოდ ვეტინგის სისტემა მოაგვარებს.

რაც შეეხება თავად ევროკომისიის რეკომენდაციას, კეთილსინდისიერების შემოწმებას ექვემდებარება მხოლოდ რამდენიმე ათეული მოსამართლე და არა ყველა მათგანი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend