საანგარიშო პერიოდში საქართველომ მიიღო რიგი სტრატეგიული დოკუმენტები და კანონმდებლობა გენდერული თანასწორობის შესახებ, მათ შორის ქალთა მიმართ გენდერული და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ქალთა უსაფრთხოების შესახებ. დამტკიცდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია, 2032 წლის არჩევნებამდე გაგრძელდა გენდერული კვოტების მოქმედების ვადა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ევროკავშირის ეს პრიორიტეტი იმ 3 პრიორიტეტიდან ერთ-ერთია, რომელიც საქართველოს სრულად შესრულებულად ჩაეთვალა.
ყველა ეს სტრატეგიული დოკუმენტი თუ კანონმდებლობა მიზნად ისახავდა, რომ საქართველოს კანონმდებლობა მოსულიყო შესაბამისობაში სტამბოლის კონვენციასთან, რომლის ხელმომწერიც არის საქართველო.
ამ კონვენციას 2011 წელს მოეწერა ხელი და მისი მთავარი მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია, ძალადობა-გამოვლილის დაცვა და დამნაშავეების დაუსჯელობის დასრულება.
თუმცა არის კვლავ ხარვეზები და ეს ყველაფერი აღწერილია გაფართოების ანგარიშში. განსაკუთრებით ხაზგასმულია კანონი გაუპატიურების შესახებ, რომელიც არ შეესაბამება სტამბოლის კონვენციას.
ამჟამად საქართველოს კანონმდებლობაში უგულებელყოფილია თანხმობის არარსებობის საკითხი. სექსუალურ ძალადობაში დამნაშავეები საქართველოში ისჯებიან მხოლოდ მაშინ, თუ მოძალადემ გამოიყენა ფიზიკური ძალა, რის შედეგადაც მსხვერპლმა მიიღო ფიზიკური დაზიანებები. ფიზიკური დაზიანებების არ არსებობის შემთხვევაში კანონი გაუპატიურების მუხლით დავის საფუძველს.
ანგარიშში ვკითხულობთ: ,,გაუპატიურების სამართლებრივი დეფინიცია უნდა შეესაბამებოდეს სტამბოლის კონვენციას (რომელიც თანხმობის არარსებობას ეფუძნება) და რომ დამცავი ზომები, ძალადობა-გამოვლილთა მხარდაჭერის სერვისები და თავშესაფრის შემდგომი ზრუნვის შესაძლებლობები საჭიროებს გაუმჯობესებას”.
გარდა ამისა, პრობლემად რჩება სელექციური ანუ შერჩევითი აბორტი. ეს არის გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა, ანუ როდესაც შვილის გაჩენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ნაყოფის სქესიდან გამომდინარე იღებენ და ყველაზე ხშირად ეს პრაქტიკა მდედრობითი სქესის ნაყოფის მოცილებას გულისხმობს.
დიდია განსხვავება ქალებისა და კაცების ანაზღაურებას შორის. ქალები საშუალოდ ყოველთვიურად მამაკაცებზე 30%-ით ნაკლებ თანხას გამოიმუშავებენ. კვლავ დაბალია ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, განსაკუთრებით ადგილობრივ დონეზე. გენდერული კვოტების მიღებამ არ შეცვალა ეს ფაქტი. პარლამენტის წევრთა მხოლოდ 17%-ია ქალი. მხოლოდ სამ ქალაქს ჰყავს ქალი მერი და ა.შ.
ანგარიშში აღწერილია, თუ რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ დამატებით, რათა ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას, მიუხედავად იმისა, რომ ეს რეკომენდაცია სრულად შესრულებულად მიიჩნევა. ანგარიში ცხადყოფს, რომ ეს არ ნიშნავს, თითქოს ამ მიმართულებით ხარვეზები არ არის.
ანგარიშში წერია, რომ საქართველომ ხელი უნდა შეუწყოს გენდერულ ბალანსს პოლიტიკურ აქტივობასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; უნდა იმუშაოს იმ ხელის შემშლელ გარემოს გაუმჯობესებაზე, რომელიც გვხვდება პარტიულ სტრუქტურებსა და ასევე მთლიანად საზოგადოებაში; განავითაროს ქალების უნარი, დააფინანსონ საარჩევნო კამპანიები; ებრძოლოს გენდერულ დეზინფორმაციას და კიბერდისკრიმინაციას ქალი პოლიტიკოსების მიმართ; იმუშაოს იმ სტერეოტიპებისა და მითების აღმოფხვრაზე, რომლებიც კვლავ ხშირად გვხვდება საზოგადოებაში ქალებისა და გოგონების შესახებ.
ელენე ცუცქირიძე