“ახალი” – ასე ჰქვია ახალ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ შექმნეს. როგორც ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე და ახლა უკვე ამ პარტიის დამფუძნებელი ნიკა მელია ამბობს, მოლაპარაკებები პარტიის შექმნის შესახებ დაახლოებით 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ის ამბობს, რომ ეს პარტია იქნება ახალი სიტყვა ქართულ პოლიტიკურ რეალობაში და იმედოვნებს, რომ ამ გაერთიანებას კიდევ ბევრი შეუერთდება.
ნიკა გვარამია კი აცხადებს, რომ პარტიის მთავარი მმართველი ძალა პოლიტიკური საბჭო იქნება.
პარტიის ლიდერებმა უკვე დაასახელეს გაერთიანების რამდენიმე წევრი, მათ შორის არიან: ბათუმის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი კირთაძე, ამავე პარტიის ყოფილი წევრი გიორგი იმედაშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი. სადამფუძნებლო ყრილობა აპრილში იგეგმება და დამფუძნებელთა თქმით, სწორედ ამ ყრილობაზე იხილავს საზოგადოება ახალი პარტიის სრულ შემადგენლობას. იგეგმება, რომ მათი საარჩევნო ნომერი იყოს ოთხი. აქვე გეტყვით, რომ ნიკა მელიამ ნაციონალური მოძრაობა 2023 წლის შვიდ დეკემბერს დატოვა, ნიკა გვარამიამ კი პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბების შესახებ გასული წლის 28 დეკემბერს განაცხადა.