მთავარიგადაცემებიBusiness Planetრა აფერხებს ევროპას რომ წყალბადის პოტენციალი აითვისოს?

რა აფერხებს ევროპას რომ წყალბადის პოტენციალი აითვისოს?

წყალბადის არაწიაღისეული საწვავით წარმოება ჯერჯერობით გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე წიაღისეული საწვავით

არსებობს პროგნოზი, რომ მწვანე წყალბადი წამყვანი განახლებადი ენერგორესურსი იქნება მომავალში, მაგრამ ასე რომ მოხდეს, ევროპაში წყალბადის მასშტაბური წარმოება უნდა დაჩქარდეს.

ევრონიუსის რეპორტიორი ანდრეა ბოლითო ესპანეთში ჩავიდა, რათა საკუთარი თვალით ენახა, თუ როგორ ახერხებს განახლებადი სექტორის ერთ-ერთი გლობალური ლიდერი კომპანია მწვანე ენერგიის პოტენციალის უკეთ ათვისებას.

წყალბადი მრავალმხრივი თვისებისა და დიდი ენერგიის მქონე ნივთიერებაა – თუ მისი მიღება ეკოლოგიური და იაფი მეთოდებით მოხერხდება, ეს ნამდვილი პანაცეა იქნება პლანეტის ეკოლოგიურად ყველაზე დაბინძურებული ადგილების გასუფთავების თვალსაზრისით. მაგრამ ეს საკითხი ჯერ მოსაგვარებელია.

ესპანეთის სამხრეთით, ქალაქ პუერტოლიანოში მოქმედ  მზის ელექტროსადგურში იწარმოება მწვანე ელექტროენერგია, რომელსაც შემდეგ მახლობლად მდებარე კომპანია Iberdrola წყალბადის მისაღებად იყენებს. აქ მიღებული წყალბადით კი, თავის მხრივ, ისეთ სასუქებს ამზადებენ, რომლებიც მავნე გამონაბოლქვს არ გამოყოფს.

სუფთა წყალბადი ერთ-ერთ აუცილებელ კომპონენტად ითვლება ევროპაში მძიმე მრეწველობის დეკარბონიზაციის პრობლემის გადასაჭრელად.

ევროკავშირში სურთ, რომ ევროპამ 2030 წლისთვის 10 მილიონი ტონა განახლებადი წყალბადი აწარმოონ და დამატებით 10 მილიონი იმპორტით შემოიტანონ, რათა ნახშირბადის გამონაბოლქვის განულებას მიაღწიონ.

თუმცა 2022 წელს მხოლოდ 20 ათასი ტონა ეკოლოგიური წყალბადი აწარმოეს. ამიტომ აუცილებელია წარმოების ტემპის აჩქარება.

„ცოტა მეტად უნდა დავხვეწოთ ტექნოლოგია, რათა უფრო მასობრივი წარმოება მოვახერხოთ, ამისთვის გვჭირდება სწორი რეგულაციები, ნებართვის მიღების მკაფიო პროცესი და წვდომა ელექტროგადამცემი ხაზების ქსელზე,“ – ამბობს კარლოს ფუნეს გუერა, კომპანია Iberdrola-ის მწვანე წყალბადის განვითარების სპეციალისტი.

მისი განმარტებით,  კომპანია Iberdrola წყალბადს აწვდის სასუქების მწარმოებელ კომპანია „Fertiberia-ს, რომელიც წყალბადისგან ამიაკს აწარმოებს, ამიაკისგან კი შემდეგ უამრავ სხვადასხვა სასუქს ამზადებს.

„იმ მოცულობის წყალბადით, რომელსაც დღეს ვაწვდით კომპანიას, მას შეუძლია, თავისი ამიაკის წარმოების პროცესში 10 პროცენტით ნაკლები ნახშირბადი გამოყოს“,- ამბობს კარლოს ფუნეს გუერა.

მწვანე წყალბადი ელექტროლიზის მეთოდით  იწარმოება – განახლებადი წყაროდან მიღებული ელექტროენერგია წყლის ფორმულას  H2O -ს წყალბადად და ჟანგბადად შლის.ევროკომისიამ სუფთა წყალბადის მარეგულირებელი ჩარჩო-კანონი შექმნა და დიდი რაოდენობით ინვესტიციას – 22 მილიარდ ევროს დებს წყალბადის განვითარებაში.„მთელი ამ ფულისა და ფონდების უკან ერთი დიდი კითხვა დგას,“ – ამბობს  ბლანდინ მალვო, კომპანია Iberdrola-ის მრჩეველი ევროკავშირის რეგულაციების საკითხებში.

euronews

„გვაქვს ინოვაციების ფონდი, ასევე წყალბადის ბანკი, რომელიც ძალიან დიდია და პირველი აუქციონი ცოტა ხნის წინ დახურა, რომელზეც  800 მილიონი ევრო შემოვიდა. ამიტომ ჩვენი გათვლებით,  დაფინანსდება დაახლოებით 600 მეგავატის სიმძლავრის ელექტროენერგიის მომწოდებელი  პროექტები, რომლებიც წყალბადს მიეწოდება, მაგრამ იმ მიზნებსა და მოთხოვნებზე რომ გავიდეთ, რომლებიც ევროკავშირმა დაისახა მიზნად, ამაზე გაცილებით დიდი დაფინანსება გვჭირდება“.

ნახშირბადის შემცირების თვალსაზრისით, ყველაზე რთულ  სექტორებად ითვლება ტრანსპორტი, სასუქების წარმოება და მძიმე მრეწველობა. მხოლოდ ფოლადის წარმოებაზე გლობალურ დონეზე გამოყოფილი ნახშირბადის გამონაბოლქვის დაახლოებით 7 პროცენტი მოდის.

შვედურმა კონსორციუმმა HYBRIT-მა, რომელმაც უარი თქვა  წიაღისეულ საწვავზე, ფოლადის წარმოების პროცესში რკინის მადნიდან ჟანგბადის ამოღება მწვანე წყალბადის მეშვეობით დაიწყო და ტრადიციულ ქვანახშირზე მომუშავე ბრძმედი ამ მეთოდით ჩაანაცვლა.

ევრონიუსი ესაუბრა HYBRIT-ის კონსორციუმის ერთ-ერთი წევრის – შვედური მომპოვებელი კომპანია  LKAB-ის კვლევების ხელმძღვანელს სუზან ერიქსონ როსტმარკს.

„თუ გვექნება არაწიაღისეული წყაროდან მიღებული ელექტროენერგია, წყალბადის მიღება მხოლოდ წყლისა და წიაღისეულის გარეშე მიღებული ელექტროენერგიის მეშვეობითაც შეიძლება. ასე რომ, წყალბადის წარმოება ნახშირბადის ორჟანგის გამონაბოლქვის გარეშე იქნება შესაძლებელია და სწორედ ამის მიღწევა გვსურს ფოლადის წარმოებაში,“ – განმარტავს სუზანი.

თუმცა, რა თქმა უნდა, ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებებიც არის.

„ერთ-ერთი საკითხი, რომელიც გვაბრკოლებს, არის ნებართვების გაცემის პროცესი. ეს პროცესი საკმაოდ ნელია და ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ახლავე შეგვიძლია მშენებლობის დაწყება, იძულებული ვართ, ნებართვებს დაველოდოთ“, – ამბობს სუზანი.

დღესდღეობით მწვანე  წყალბადი გაცილებით ძვირია, ვიდრე ე.წ. ნაცრისფერი ან ყავისფერი წყალბადი, რომლებიც წიაღისეული საწვავიდან მიიღება. თუმცა ფოლადის ინდუსტრიაში იმედოვნებენ, რომ ფასთა სხვაობა ნელ-ნელა შემცირდება განახლებადი ენერგიის ფასის კლების კვალდაკვალ.

„ახლო და საშუალო პერსპექტივაში ვხედავთ, რომ ფასი დაახლოებით 20 პროცენტით აღემატება ყავისფერი ფოლადის ფასს და თუ ამ გათვლას ავტომობილზე  გადაიყვან, ნახავ, რომ ერთი მანქანის წარმოება თითქმის 200 ევროთი მეტი გამოდის“, – ასე ფიქრობს კომპანია LKAB-ის კვლევების ხელმძღვანელი.

ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ უნდა გადაიჭრას  სუფთა წყალბადზე მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის პრობლემა. ევროკავშირში იმედოვნებენ, რომ სუფთა წყალბადის მქონე ეკოსისტემაზე აქცენტის გაკეთებით მძიმე მრეწველობაში ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირების პრობლემას მოაგვარებენ.

ავტორი: ანდრეა ბოლითო

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend