საქართველოს პრეზიდენტი დღეს, 6 მარტს, შეხვდა მედიის წარმომადგენლებს და მათ კითხვებს უპასუხა. ევრონიუსმა სალომე ზურაბიშვილს ჰკითხა, საჭიროა თუ არა, ქვეყანამ შეიმუშაოს ახალი სტრატეგია ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში, განსაკუთრებით ახლა, როცა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს. ევრონიუს ჯორჯიას კიდევ ერთი შეკითხვა ეხებოდა საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის თანხვედრას ევროკავშირთან.
ჟურნალისტებთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე, საპარლამენტო არჩევნებსა და გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე. პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთს საქართველოში მხარდაჭერა არ აქვს და სწორედ ამიტომ ვერ გაბედავს ხელისუფლება, იყოს მკვეთრად პრორუსული. ამ კონტექსტში მან ახსენა საქართველოს ახალი პრემიერი ირაკლი კობახიძე და პრემიერმინისტრობის რანგში მისი შეცვლილი რიტორიკა დასავლეთის მიმართ.
საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების შესახებაც და თქვა, რომ ამ კუთხით მას ბევრი კითხვა აქვს.