რუსეთის ცესკომ ბორის ნაძეჟდინს საბოლოდ უთხრა უარი. პუტინს ამ არჩევნებში ნამდვილად არ ეყოლება სიმბოლური კონკურენტიც კი…
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ლიბერალი პოლიტიკოსის ბორის ნაძეჟდინის საჩივარი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებიდან მის მოხსნას აპროტესტებდა. ექსპერტების აზრით, რუსეთის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები კრემლში არანაირ ცვლილებას არ მოიტანს და 71 წლის ვლადიმერ პუტინი კვლავ შეინარჩუნებს ძალაუფლებას. ოპოზიციონერების უმეტესობა ან ციხეშია, ან საზღვარგარეთ, ან ცოცხალი აღარ არის. დამოუკიდებელი მედიასაშუალებები რუსეთში დაბლოკილია, კრემლი კი მკაცრად აკონტროლებს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას.
“ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ჩემს რეგისტრაციაზე უარის თქმა წმინდა პოლიტიკური საკითხია და კანონების დაცვასთან საერთოდ არ აქვს კავშირი. ჩვენ გავიარეთ პირველი ინსტანცია, უზენაესი სასამართლო, ახლა გავიარეთ მეორე ინსტანცია, სააპელაციო კოლეგიამ ისევ უარყო ჩვენი ყველა პრეტენზია. მეტი გზა აღარ დაგვრჩა. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის სასამართლო სისტემების შესაძლებლობები მთლიანად ამოვწურეთ”,-ამბობს ბორის ნაძეჟდინი, რუსი პოლიტიკოსი.