ზამთრის სპორტული სახეობების ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური და სანახაობრივი მიმდინარეობა ფრირაიდი გაუკვალავი და რთული რელიეფის მქონე მთიდან თავისუფალი დაშვებაა, რომლის მსოფლიო ტურსაც სვანეთმა, კონკრეტულად კი თეთნულდის კურორტმა, წარმატებით უმასპინძლა.
მთის ტრასების სააგენტოსა და “ფისის” ორგანიზებით ჩატარებულ ტურნირს დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა როგორც ორგანიზატორებისგან, ასევე გულშემატკივრებისგან.
“ფრირაიდის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შეჯიბრება გვქონდა, მადლობა საქართველოს. წარმოუდგენელი შოუ იყო, სპორტსმენების საოცარი და პროფესიონალური დაშვებებით. ეს ადგილი ფანტასტიკურია თავისი კლდეებითა და სასრიალო ტრასებით. ფრირაიდის მსოფლიო ტურს ასობით მილიონი მაყურებელი ჰყავს, ამ ადამიანებს დღევანდელი შოუს შემდეგ საქართველოში სასრიალოდ ჩამოსვლა აუცილებლად მოუნდებათ”, – ამბობს ნიკოლას ჰეილ-ვუდსი, ფრირაიდ მსოფლიო ტურის დამფუძნებელი.
ამ ტიპის შეჯიბრი საქართველოში პირველად ჩატარდა. თეთნულდი ახალი აღმოჩენაა ფრირაიდის მოყვარულებისა თუ პროფესიონალებისთვის, რომლის ამოუწურავი შესაძლებლობები და სილამაზე ღირსეულ მეტოქეობას უწევს რაიდერებისთვის უკეთ ნაცნობ სასრიალო არეალებს მთელ მსოფლიოში.
“საქართველო საოცარია, თქვენს ქვეყანაზე შეყვარებული ვარ. ვამაყობ ჩემი გამოსვლით, რადგან საერთო ჯამში პირველ ადგილზე გავედი”, – ამბობს ნურია კასტან ბარონი, ფრირაიდის გამარჯვებული სნოუბორდის დისციპლინაში.
“საოცარი დღეა, უკეთესს ვერც ვინატრებდი. დღევანდელი შეჯიბრი ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა. მადლობა საქართველოსა და ორგანიზატორებს”, – ამბობს მარკუს გოგუენი, ფრირაიდის გამარჯვებული თხილამურებით სრიალში.
წლევანდელ ფრირაიდზე 15 ქვეყნის 50-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყო ქართველი რაიდერი ჯაბა სხვედიანი.
საქართველო წლევანდელი ფრირაიდის სეზონის მესამე გაჩერებაა და ზამთრის კურორტებით განთქმული ისეთი ქვეყნების გვერდით დგას, როგორებიცაა: შვეიცარია, კანადა, იაპონია და ა.შ. საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები უკვე მკაფიოდ მოინიშნა მსოფლიო რუკაზე და ასეთი ტიპის ჩემპიონატებს ყოველწლიურად უმასპინძლებს.
ამ ულამაზეს და დაძაბულ შოუს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადევნებდნენ თვალ-ყურს, სხვადასხვა სტრიმინგ პლატფორმიდან.