დიდი სამხედრო ტრადიციის მქონე სკანდინავიური სახელმწიფო, შვედეთი, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძლიერი თავდაცვითი სამხედრო ალიანსის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა გახდა.
Today is a historic day. The parliaments of all NATO member states have now voted in favour of Swedish accession to NATO. Sweden stands ready to shoulder its responsibility for Euro-Atlantic security.
— SwedishPM (@SwedishPM) February 26, 2024
შვედეთმა ბოლო ომი 1814 წელს აწარმოვა, მომავალი ორი საუკუნის განმავლობაში კი შვედური ქვემეხები დუმდნენ.
შვედეთის მიერ წარმოებულმა ნეიტრალიტეტის პოლიტიკამ სახელმწიფოს ორი მსოფლიო ომი აარიდა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის ქარცეცხლისგან თავის დაღწევა შვედეთს განსაკუთრებით გაუჭირდა.
„მეორე მსოფლიო ომი შვედეთისთვის კინაღამ საბედისწერო გამოდგა. როდესაც ომი დაიწყო, სკანდინავიური სახელმწიფოებიდან ყველას ნეიტრალიტეტის დაცვა სურდა, მაგრამ შვედეთის გარდა ყველა მათგანი ჩაითრიეს ომში. მხოლოდ შვედეთმა შეძლო ნეიტრალიტეტის დაცვა, ბევრს მიაჩნია, რომ ეს სწორედ ამგვარი საგარეო პოლიტიკის დამსახურება გახლდათ, მაგრამ სინამდვილეში ომის დასაწყისში გერმანიას ვუწევდით ანგარიშს, ომის დასასრულს კი მოკავშირეებს“, – ამბობს რობერტ დალსიო, „შვედეთის უსაფრთხოების კვლევის ცენტრის“ ანალიტიკოსი.
ცივი ომისას კი შვედეთი და ფინეთი დასავლეთსა და სოციალისტურ აღმოსავლეთს შორის ბუფერი გახლდათ. ორივე სახელმწიფოში ბევრს მიაჩნდა, რომ ამ გზით საერთო დაპირისპირებაში მონაწილეობისგან თავს დაიზღვევდნენ.
„ცივი ომის მიწურულს შვედურ საზოგადოებაში ნეიტრალიტეტის დაცვამ მორალური განზომილებაც შეიძინა და საზოგადოების უმრავლესობასა და პოლიტიკოსებს მიაჩნდათ, რომ სახელმწიფოს მიერ ნეიტრალური საგარეო პოლიტიკის გატარება მათ აძლევდა თვითკმაყოფილების შეგრძნებას. ამავე დროს, ეს გახლდათ უსაფრთხოდ ყოფნის განცდაც”, – ამბობს რობერტ დალსიო, „შვედეთის უსაფრთხოების კვლევის ცენტრის“ ანალიტიკოსი.
ცივი ომისა დასრულებისა და საბჭოთა იმპერიის რღვევის შემდეგ შვედეთმა თავდაცვითი ხარჯები რადიკალურად შეამცირა, მაგრამ ევროპულმა გაზაფხულმა დიდხანს არ გასტანა. 2008 წელს კრემლი საქართველოს დაესხა თავს, 2014 წელს უკრაინას. 2018 წელს შვედეთმა სავალდებულო სამხედრო სამსახური აღადგინა, 2022 წელს უკრაინაში რუსული ინტერვენცია კი გახდა საფუძველი იმისა, რომ 2024 წელს ქვეყანა ნატოს რიგით 32-ე წევრი სახელმწიფო გახდა.
I welcome the Hungarian parliament’s vote to ratify #Sweden’s membership in NATO. Now that all Allies have approved, Sweden will become the 32nd #NATO Ally. Sweden’s membership will make us all stronger and safer.
— Jens Stoltenberg (@jensstoltenberg) February 26, 2024