უკვე 10 წელია, რაც გიორგი გურგენიძე უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს საქართველოს ისტორიას უყვება. ის სერტიფიცირებული გიდია და ძალიან აწუხებს, რაც ბოლო წლების განმავლობაში ამ ფეროში საქართველოში ხდება, როცა უცხოელი ე.წ. გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიის თავისებურ ვერსიას უყვებიან…
„ტურისტულ ადგილებში ხშირად ვხვდები უცხოელ მოქალაქეებს, ვისაც დაჰყავს უცხოელი ტურისტები და მათ უყვებიან საქართველოს ისტორიას, ხშირად მე მომისმენია ეს ისტორია და ეს არ არის საერთოდ ადეკვატური და არ შეესაბამება საქართველოს ისტორიას. ჩვენ გიდები ვართ უცხოელი მოქალაქეებისთვის ფაქტობრივად ელჩები, აცნობ უცხოელ მოქალაქეს საქართველოს კულტურას ისტორიას. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მოქალაქე პირველ რიგში უნდა აცნობდეს ამ ისტორიას, კულტურას და არ იყოს ისეთი პრობლემა, რომ უცხოელი მოქალაქე შემოვიდეს აქ და დაუსაბუთებლად, არასერტიფიცირებულად, არაკანონიერად გიდობდეს“,- ამბობს გიდი გიორგი გურგენიძე.
საქართველოს სერტიფიცირებული გიდები ახლა სახელმწიფოს სთხოვენ დახმარებას. მათ სურთ, კანონში ცვლილებები შევიდეს.
„სამწუხაროდ, ვერ მივიღეთ შედეგად ის კანონი, რომელიც სასარგებლო იქნებოდა, რომელიც ხელს შეუწყობდა პრობლემების მოგვარებას, რომელიც ხელს შეუწყობდა საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას და დიდწილად ისეთი მუხლებია, რომლებიც ჩვენთვის პირიქით დამაზიანებელია…ის ხალხი, ვინც მუდმივად არის დასაქმებულები ამ სფეროში, ვინც თავის მხრებით დღევანდლამდე მოიტანა ეს სფერო და განავითარა და იმ სახით მივიღეთ როგორიც დღეს არის და საკმაოდ წარმატებული, ეს ხალხი იძულებული ხდება, მიატოვოს ხშირად სფერო და სხვაგან ეძებოს სამუშაო, ასევე ხშირ შემთხვევაში დატოვოს ჩვენი ქვეყანა და სხვა ქვეყანაში ეძებოს სამუშაო ადგილები“, – ამბობს გიორგი თეთრაძე, საქართველოს ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე.
„გასაგებია, რომ კანონის მომზადება იყო სასიცოცხლოდ აუცილებელი, ახლა იწყება მუშაობა ქვემდებარე აქტებზე, მაგრამ ამასობაში ჩვენ ვკარგავთ ტურისტულ ბაზარს, იმ ბაზარს, რომელსაც ქვეყნის ბიუჯეტში შეუძლია შემოიტანოს მილიარდები, ეს ბაზარი გადადის სამწუხაროდ. დამერწმუნეთ, ვინც ამ სფეროშია დასაქმებული, საკუთარ თავზე იგრძნობს ტურისტული სეზონის დაწყებიდან თუ რამხელა პრობლემის წინაშე დადგება, როდესაც ჩაანაცვლებს მას უცხოეთიდან შემოსული გიდი, რომელმაც არამც თუ არ იცის ჩვენი ქვეყნის ისტორია, მიზანმიმართულად შეგნებულად მახინჯდება ისე, როგორც აწყობს მისი ქვეყნის პოლიტიკას, ეს ძალიან საშიში ტენდენციაა“, – ამბობს ეკა გეგეშიძე, საქართველოს ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის მოადგილე.
გიდების ასოციაციაში მოუწოდებენ სახელმწიფოს, გაითვალისწინოს ევროპული პრაქტიკა და პრიორიტეტი მოანიჭოს საკუთარ მოქალაქეებს.
„თუ დავეყრდნობით უცხო ქვეყნის გამოცდილებას, ჩვენ არ ვიგონებთ ახალ ველოსიპედს, არავის ვთხოვთ ახალი ველოსიპედის გამოგონებას, უამრავი ევროპული ქვეყნის გამოცდილებაშია, ტურიზმის კანონმდებლობაში პრიორიტეტი ენიჭება ადგილობრივ მოქალაქესა და მაცხოვრებელს, თუ ეს არ არის ადგილობრივი მაცხოვრებელი, გადის ძალიან მკაცრ კონტროლს სერტიფიცირების თვალსაზრისით, ეს არის ექვსთვიანი ან 1-წლიანი სწავლების პროცესი, შემდეგ უმკაცრესი გამოცდა, რის შემდეგაც ეძლევათ სერტიფიკატი, ჩვენც გავყვეთ აი ამ ხაზს, მგონი, უპრიანი იქნება“, – ამბობს ქეთი ბურნაძე, გიდების ასოციაცია „საგას“ წევრი.
გიორგი გურგენიძესაც ეს უნდა: “სახელმწიფომ მეტად დააფასოს საკუთარი მოქალაქეების შრომა და ქვეყნის სტუმრებს ე.წ. გიდები აღარ უყვებოდნენ სხვა საქართველოს ისტორიას…”