მთავარისაქართველოკანონი შინაური ცხოველების დასაცავად

კანონი შინაური ცხოველების დასაცავად

საქართველოში ხშირად შეხვდებით ცხოველებს, რომლებსაც არც თავშესაფარი აქვთ და არც მზრუნველი ჰყავთ. მათ არც კანონი იცავთ. ზოგჯერ კი ის შინაური ცხოველებიც ხდებიან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი, რომლებსაც პატრონი ჰყავთ.

საქართველოში პირველად იქმნება კანონი, რომელიც ცხოველთა მიმკედლებელსა თუ მეპატრონეს მეტ პასუხისმგებლობებსა და ვალდებულებებს აკისრებს. მაგალითად, თუკი აქამდე ცხოველის მიტოვება დასჯადი არ იყო, ახალი კანონპროექტი მთელ რიგ რეგულაციებს აწესებს. საკანონმდებლო ორგანოში ამ კანონპროექტის განხილვას ცხოველთა დამცველებიც ესწრებოდნენ და დისკუსიისას აზრთა სხვადასხვაობა იყო დოკუმენტის რამდენიმე მნიშვნელოვან პუნქტზე.

„სკვერები ყოველი ფეხის ნაბიჯზეა, მიუსაფარ ძაღლს კი ვერ აუხსნი, რომ შენ აქ გეკრძალება ცხოვრება და მოდი, იქით იცხოვრე. ძაღლი არის სოციალური არსება, ის ვერ იცხოვრებს ტყეში და ადამიანებისგან გარიყულად, ის აუცილებლად უნდა ცხოვრობდეს ადამიანების სიახლოვეს. ერთ-ერთი სადავო საკითხი რაც არის, არის ის, რომ აუცილებლად უნდა მოიხსნას მიკედლებულ ცხოველებთან დაკავშირებით შეზღუდული ადგილები“,- ამბობს ცხოველთა მოყვარული ტასო ლოსაბერიძე.

„თუ ჩვენ ავიღებთ იმ ორიენტაციას, რომ ავაშენოთ თავშესაფარი, მუდმივად იყოს ცხოველები, მუდმივი მოდინება იყოს ქუჩაში უპატრონო ცხოველების, მაშინ ეს პრობლემა თვითონ არ მოგვარდება. უნდა მოხდეს პრობლემის მოგვარება ძალიან კარგი კანონმდებლობით, მოხდეს მომზადება 2-3 წლის განმავლობაში, მოხდეს კასტრაცია/ სტერილიზაცია და ვაქცინაცია, რაოდენობრივი შეზღუდვა ჰუმანური გზით და თუ ყველაფერი სწორი იქნება, შედეგს მივიღებთ დაახლოებით 7-8 წლის შემდეგ”, – ამბობს თეიმურაზ წიქორიძე, „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების“ თავმჯდომარე.

შეხვედრაზე დაისვა კითხვები ახალი კანონპროექტის შესაბამისობაზე საერთაშორისო სტანდარტებთან. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და აქტივისტების კითხვებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ უპასუხა.

„დღევანდელ შეხვედრაზე ყველაფერს პასუხი გაეცა და ყველამ კარგად დავინახეთ, რომ ამ კანონის მთავარი მიზანია, შეიქმნას სისტემა, რომლითაც მეპატრონე იმართება. რომელმაც არ უნდა გააგდოს ძაღლი ქუჩაში, ხოლო მიკედლებულ ცხოველზე მაქსიმალურად უნდა იზრუნოს რეგისტრირებულმა მიმკედლებელმა. მანამ, სანამ ჩვენ არ შევქმნით ისეთ სისტემას, სადაც ძაღლი ქუჩაში არ არის გაგდებული, იტანჯება ცხოველი და იტანჯება ასევე ადამიანიც, რომელსაც შეიძლება ეშინოდეს ამ ძაღლების“,- ამბობს მაია ბითაძე, პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე.

კანონპროექტის მიხედვით, იმისათვის რომ შემცირდეს ერთი მხრივ ქვეყანაში მიუსაფარი ცხოველების უკონტროლო გამრავლება, ხოლო მეორე მხრივ, ისინი დაცულები იყვნენ არასათანადო მოპყრობისგან, წესდება ჯარიმები. მაგალითად, ცხოველის მიტოვებისთვის ფიზიკური პირი 3000, ხოლო იურიდიული პირი 5000 ლარით დაჯარიმდება. კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ამ ცვლილებებიდან დაახლოებით 2 წელში, ანუ 2025 წლისთვის ყველა მნიშვნელოვანი რეფორმა ეტაპობრივად გატარდება. პარლამენტში პირველი მოსმენა 26 თებერვალს გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend