გუშინ, 7 თებერვალს, რუსმა სამხედროებმა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე დრონებითა და რაკეტებით მასშტაბური იერიში მიიტანეს. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა ხუთი მშვიდობანი მოქალაქე, 50-ზე მეტი კი დაიჭრა.
დაშავებულებს შორისაა ფეხმძიმე ქალი. თავდასხმების სამიზნე სამი ძირითადი ქალაქი იყო, მათ შორის დედაქალაქი კიევი, სადაც ევროკავშირის მთავარი დიპლომატი ჯოზეფ ბორელი შეხვედრებს მართავდა უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების თაობაზე.
კიევის რამდენიმე რაიონში საცხოვრებელ კორპუსებს ცეცხლი გაუჩნდა.
დედაქალაქის აღმოსავლეთ სანაპიროზე კი ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. მიკოლაივში თავდასხმების შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი, დაზიანდა 20-ზე მეტი საცხოვრებელი, საჯარო შენობა და დაწესებულება.