შეერთებული შტატების რამდენიმედღიანი დიპლომატიური ძალისხმევა, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას ითვალისწინებდა, უშედეგოდ დასრულდა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ არ დაეთანხმა „ჰამასის“ მიერ წარდგენილ პირობებს და განაცხადა, რომ ღაზაში ისრაელის გამარჯვება გარდაუვალია.
ეს მხოლოდ თვეების საკითხია და არა წლებისა თუ ათწლეულების. მისი განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალები საოცრებებს სჩადიან და წინ მიიწევენ, რათა შესრულდეს ის სამხედრო მიზანი, რომელიც პოლიტიკურ დონეზე იქნა დასახული.
ისრაელის მიზანი კი, როგორც ქვეყნის პრემიერი ამბობს, „ჰამასის“ განადგურება, ყველა მძევლის გათავისუფლება და იმ პირობის აღსრულებაა, რომ ღაზა აღარ იქნება ისრაელისთვის საფრთხე.
ბლინკენს იმედი ჰქონდა, რომ ისრაელი განიხილავდა „ჰამასის“ წინადადებებს, რომლებიც ბრძოლაში 45-დღიან პაუზას, დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას, ღაზაში საკვებისა და მედიკამენტების მიწოდებასა და ისრაელის უკან დახევას ითვალისწინებდა.
ნეთანიაჰუ „ჰამასის“ მიერ წამოყენებულ სხვა პირობებსაც არ ეთანხმება. მიუხედავად ამისა, ენტონი ბლინკენი დანებებას არ აპირებს.
Met with @IsraeliPM Netanyahu in Jerusalem to discuss the latest efforts to secure release of all hostages and ensure events of October 7 are never repeated. I stressed the importance of protecting civilians in Gaza and ensuring more humanitarian aid gets to people in need. pic.twitter.com/EQsKUijoL0
— Secretary Antony Blinken (@SecBlinken) February 7, 2024
ბლინკენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ჰამასს“ ისეთი პირობებიც ჰქონდა, რომლებიც ვერ შესრულდებოდა, მაინც არის იმის შესაძლებლობა, რომ შეთანხმება შედგეს. ენტონი ბლინკენი დასძენს, რომ შეერთებული შტატები დაუღალავად გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რამდენად შესაძლებელია ამ მოლაპარაკებების გაგრძელება, რათა მიაღწიონ შეთანხმებას, რომელიც მძევლებისა და ტყვეების მორიგ გაცვლას, აუცილებელ ჰუმანიტარულ პაუზასა და ღაზაში უფრო მეტი დახმარების მიწოდებას უკავშირდება.