მთავარისაქართველოულტრამემარჯვენე ჯგუფებისა და ხელისუფლების რიტორიკა ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს ემთხვევა - DRI-ის ახალი...

ულტრამემარჯვენე ჯგუფებისა და ხელისუფლების რიტორიკა ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს ემთხვევა – DRI-ის ახალი კვლევის შედეგები

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში“ ამბობენ, რომ საქართველოში ულტრამემარჯვენე ჯგუფებს პოლიტიკურ დღის წესრიგზე ზემოქმედების მზარდი პოტენციალი აქვთ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, სადაც აღნიშნულია, რომ ხელისუფლების პოლიტიკა ლოიალურია ულტრამემარჯვენე ძალადობრივი ჯგუფების მიმართ. ასევე DRI-ის დაკვირვებით, ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკა განსაკუთრებით გააქტიურდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმ განცხადების შემდეგ, რომელიც შესაძლო დესტაბილიზაციასა და სამოქალაქო არეულობის დაგეგმვაში USAID-ის როლზე მიუთითებდა.

2023 წლის ოქტომბერში ისრაელზე “ჰამასის” თავდასხმის შემდეგ განახლებულმა სამხედრო კონფლიქტმა კი იმავე წყაროს ცნობით, ღიად პრორუსული ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტიამერიკულ რიტორიკას ახალი იმპულსი შესძინა. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში 8 თვის განმავლობაში წარმოებული დაკვირვების შედეგებია ასახული.

2021 წლის 5 ივლისს „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ შეკრებილმა ულტრამემარჯვენე და ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს, შავი რკინის ჯვარი აღმართეს და მართლმადიდებლობისა და ეროვნულობის სახელით მედიის 53 წარმომადგენელს სასტიკად სცემეს, ტურისტი კი დაჭრეს.

ამ მოვლენებიდან 6 დღეში გარდაიცვალა ლექსო ლაშქარავა. ოპერატორი, რომელსაც 5 ივლისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის ულტრამემარჯვენე ჯგუფის წევრები სასტიკად გაუსწორდნენ.

2023 წლის 8 ივლისი – ულტრამემარჯვენე ჯგუფი კვლავ ლგბტქ+ თემის წინააღმდეგ ერთიანდება. ამ დღეს პოლიციის თანამშრომლების დანახვა რთული არ იყო, მობილიზებულები იყვნენ, თუმცა ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა მაინც შეძლეს დარბევა იმ ტერიტორიის, სადაც „თბილისი პრაიდის“ ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო და მოიპარეს ყველაფერი, რაც დაინახეს, მათ შორის წყალიც და წვენიც. ამბობდნენ, რომ ღმერთის სახელით მოქმედებდნენ.

ულტრამემარჯვენე ჯგუფის აქციის მონაწილე, 8 ივლისი, 2023 წელი

ჰომოფობიური, პროკრემლისტური და ანტიდასავლური რიტორიკა ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან 5 და 8 ივლისამდეც ხშირად ისმოდა და ამ დღეების შემდეგაც. 8-თვიანი დაკვირვების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში“ ამბობენ, რომ საქართველოში ულტრამემარჯვენე ჯგუფებს პოლიტიკურ დღის წესრიგზე ზემოქმედების მზარდი პოტენციალი აქვთ და ამბობენ იმასაც, რომ „ქართული ოცნება“ მათი დასჯისგან უკვე წლებია თავს იკავებს.

ულტრამემარჯვენე ჯგუფები მოახლოებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ფონზე ღიად აცხადებენ ხელისუფლებაში მოსვლის ამბიციას. ამას ამბობენ როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე მათივე მედიასაშუალებებით და იმეორებენ საპროტესტო აქციების გამართვის დროსაც. სამოქალაქო აქტივისტების თქმით, ულტრამემარჯვენე ძალადობრივ ჯგუფებს ხელისუფლება ე.წ. „შავი საქმის“ გასაკეთებლად იყენებს.

რაც შეეხება „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ რეკომენდაციებს, მათი თქმით, მნიშვნელოვანია ხელისუფლების მხრიდან შეწყდეს ძალადობრივი ჯგუფების პირდაპირი თუ ირიბი მხარდაჭერა. ასევე სამთავრობო სტრუქტურების მხრიდან შემუშავდეს ეფექტიანი სამოქმედო გეგმა იმ დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ, რასაც ულტრამემარჯვენე ჯგუფები მედიისა და სოციალური ქსელების დახმარებით ავრცელებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილონ მტრულ სახელმწიფოსთან თანამშრომლობის გაცხადებული მიზნის მქონე პოლიტიკური დაჯგუფებების ფინანსების წარმომავლობასა და მათ გამჭვირვალობაზე.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend