კატალონიაში გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობისთვის ემზადებიან.
ბარსელონაში წყლის მიწოდების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით უკვე შემცირდა წყლის წნევა. ქალაქის წყლის რესურსი, ფაქტობრივად, ამოწურულია.
ანა ბარნადასი, კატალონიის მთავრობის მდივანი კლიმატთან დაკავშირებულ საკითხებში, ამბობს, რომ კატალონიაში სამი რეზერვუარი, რომლებიდანაც გასული წლის აგვისტოდან მოსახლეობას წყლით უზრუნველყოფენ, თითქმის სრულადაა დამშრალი. იგი დასძენს, რომ ყველა სექტორის წარმომადგენლისა და მოქალაქეების ძალისხმევის შედეგად მათ მოახერხეს საგანგებო მდგომარეობის ცოტა ხნით გადავადება და იმედოვნებენ, რომ ყველა აიღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მათ უნდა გააკეთონ ამ საგანგებო ვითარების დროს.
ბარსელონაში გარანტირებული იქნება წყლის მიწოდება. თუმცა საგანგებო მდგომარეობის პირველ ეტაპზე დღეში ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ 200 ლიტრი წყალი იქნება განსაზღვრული. თუ ივნისამდე ვითარება არ შეიცვალა, რეზერვუარში აღარ დარჩება საკმარისი წყალი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
კატალონიაში გვალვასთან დაკავშირებული ვითარება რომ გამოსწორდეს, ამ გაზაფხულზე 90 დღის განმავლობაში გადაუღებლად უნდა იწვიმოს. ზაფხულში მოსალოდნელია გარკვეული შეზღუდვების დაწესება. ეს კი განსაკუთრებული გამოწვევა იქნება ბარსელონისთვის, სადაც 3 მილიონ ტურისტს ელიან.
ამავდროულად, ბარსელონის პორტში შესაბამის ინფრასტრუქტურას ამზადებენ, რათა მიიღონ ტანკერები, რომლებიც ქალაქს წყლით მოამარაგებენ. თუმცა აქ სხვა პრობლემაც არის, რომელიც საკრუიზო გემებს უკავშირდება. ამ გემებით ქალაქში ყოველდღიურად ათასობით ტურისტი ჩამოჰყავთ. ამასთანავე, დადგენილია, რომ საკრუიზო გემის მგზავრი ყოველდღიურად 200-დან 400 ლიტრამდე წყალს მოიხმარს.
სამოქალაქო აქტივისტს ხაუმე ოსეტეს უკვირს, რატომ უნდა მოიხმარონ საკრუიზო გემების მგზავრებმა წყალი შეზღუდვების გარეშე მაშინ, როდესაც ადგილობრივ მოსახლეობას ის გრაფიკით უნდა მიეწოდოს.
გვალვასთან დაკავშირებული პრობლემა მთელ ხმელთაშუა ზღვის აუზს ეხება. ანდალუსიაშიც, სავარაუდოდ, ზაფხულში მკაცრი შეზღუდვები დაწესდება.
სხვადასხვა ღონისძიების წყალობით კატალონიამ შეძლო ქალაქი წყლით უზრუნველეყო და საჭიროების 60 პროცენტი დაეკმაყოფილებინა. თუმცა მომავალში წყლის მოხმარების მხოლოდ ახალ მიდგომას შეუძლია ამ ურთულესი პრობლემის გადაჭრა.