საქართველოს 2023 წლის კორუფციის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 3 ქულით გაუარესდა.
კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველოს პოზიცია გაუარესდა. ამაზე მეტყველებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გამოქვეყნებული მონაცემები. რეიტინგის თანახმად, საქართველოს 2023 წლის ქულა 53-ს შეადგენს, რაც 3 ქულით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამასთან, ამავე რეიტინგში საქართველო 180 ქვეყანას შორის 49-ე ადგილზეა, როცა მანამდე 41-ე პოზიციას იკავებდა.
„ჩვენ, როდესაც ზოგადად ვსაუბრობთ საქართველოში არსებულ ვითარებასა და ამ რეიტინგზე, ვამბობთ, რომ 1 ქულით მომატება ან დაკლება დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან სტატისტიკურად და კვლევის მეთოდოლოგიის მიხედვით, აქ ბევრი რამ არ იცვლება, თუმცა ამ შემთხვევაში ის, რომ 3 ქულა დააკლდა საქართველოს, ეს მნიშვნელოვანი კლებაა. ძალიან ბევრი წელია ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება ეფექტური ანტიკორუფციული სისტემის შექმნა, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ელიტურ კორუფციას, მაღალ დონეზე არსებულ კორუფციას, სამწუხაროდ, ეს გამოწვევა ჩვენ გვაქვს. ის, რომ ხანდახან მაღალჩინოსნების სავარაუდო კორუფციაში ჩართვის საქმის გამოძიება არ ხდება, ეს არის ის საკითხები, რომლებზეც ხშირად ვსაუბრობთ“, – ამბობს ეკა გიგაური, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი.
კორუფციის აღქმის ინდექსი გლობალური სარეიტინგო სისტემაა, რომელიც ზომავს, თუ რამდენად კორუმპირებულია საჯარო სექტორი სხვადასხვა ქვეყანაში. რეიტინგის შედგენა ხდება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებზე დაყრდნობით. საერთაშორისო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობის” შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად საქართველომ ანტიკორუფციული სააგენტოს რეფორმა გაატარა, ამ უწყების დამოუკიდებლობა მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას…
“ვხედავთ, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში, რეალურად საქართველოს მაჩვენებელი არის გაჩერებული ერთ ხაზზე, მაგალითად, 2012 წელს გვქონდა 52 ქულა რეიტინგში და ახლა 2023 წელს გვაქვს 53. იქ იყო გარკვეული ცვლილებები, მატება და კლება, თუმცა იმავე ნიშნულზე ვართ ფაქტობრივად, რაც 12 წლის წინ. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ რეალურად ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში სერიოზული და ამბიციური ანტიკორუფციული რეფორმები არ ჩატარებულა ქვეყანაში. ჩვენ ეს ყველამ ვიცით, ამას მოქალაქეებიც გრძნობენ, თუმცა ციფრებიც და ასეთი ტიპის ავტორიტეტული შეფასებებიც ამას ადასტურებს“, – ამბობს სანდრო ქევხიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი.
კორუფციასთან ეფექტიანი ბრძოლისთვის და ევროინტეგრაციის გზაზე უფრო ხარისხიანი რეფორმების გატარების ხელშესაწყობად „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ შეიმუშავა რეკომენდაციებიც, რომლებიც დღეს რეიტინგთან ერთად გამოქვეყნდა. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ უნდა შეიცვალოს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნის წესი. ეს სამსახური უნდა იყოს დამოუკიდებელი და ჰქონდეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობა. ასევე ორგანიზაციის რეკომენდაციით, უნდა შეიცვალოს გენერალური პროკურორის დანიშვნის წესი და დაიწყოს გამოძიება ისეთ საქმეებზე, რომლებიც სავარაუდოდ, მაღალი დონის ანუ ე.წ ელიტურ კორუფციას უკავშირდება.