ვაშინგტონში არსებული პოლიტიკური დინამიკის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი წელს სწორედ დონალდ ტრამპი იქნება.
რამდენიმე წლის წინ არსებობდა სტერეოტიპი, რომლის თანახმადაც, რესპუბლიკური პარტიის მიერ წარმოებული საგარეო პოლიტიკა კრემლის მიმართ ყოველთვის უფრო ხისტი გახლდათ, ვიდრე დემოკრატიული პარტიის ნებისმიერი ადმინისტრაციისა.
დღესდღეობით საერთოდ საპირისპირო ვითარებასთან გვაქვს საქმე, საზოგადოების ნაწილი, მათ შორის უმრავლესი მემარცხენე პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებელი ადამიანები დარწმუნებულნი არიან, რომ დონალდ ტრამპი პრორუსი და პუტინის მოტრფიალეა.
ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის თქმით, კი კრემლი იძულებულია, სწორედ მას გაუწიოს ანგარიში და არა მაგალითად, “მძინარე ჯოს”, სწორედ ასე მოიხსენიებს დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს.
Donald Trump failed America. pic.twitter.com/fylyocYcse
— Joe Biden (@JoeBiden) November 16, 2022
ამერიკის შეერთებულ შტატებს შესაძლოა, ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს, ევროპაში კი ომია, ამჟამინდელ ვითარებასთან დაკავშირებით ერთი ირიბი ისტორიული პარალელის გავლება შეიძლება. 1945 წელს, როდესაც ბერლინი საბჭოთა არტილერიის მიერ უკვე იბომბებოდა, 12 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფრენკლინ დელანო რუზველტი გარდაიცვალა, მესამე რაიხის პროპაგანდისა და საზოგადოებრივი განათლების მინისტრმა იოზეფ გებელსმა ეს ამბავი ჰიტლერს მიულოცა. ნაცისტებს იმედი ჰქონდათ, რომ მტრის სიკვდილი მოიტანდა ისეთ გეოპოლიტიკურ ძვრებს, რომლებიც მათ გადაარჩენდა, ისევე როგორც პრუსიის მეფე ფრიდრიხ მეორეს თავის დროზე.
დღესაც, ევროპაში ომია და ზოგი ანალიტიკოსის აზრით, ეს ომიც მალე მიიწურება.
ყველასთვის საინტერესოა, რას შეიძლება ფიქრობდნენ კრემლში, ბრიუსელსა და პეკინში თეთრ სახლში დონალდ ტრამპის შესაძლო დაბრუნების შესახებ. ამ საკითხზე სასაუბროდ ევრონიუს ჯორჯიამ “საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის” საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი და რამდენიმე წიგნის ავტორი თორნიკე შარაშენიძე მოიწვია.