თბილისის მერია აკაკი წერეთლის სახელობის გამზირის რეაბილიტაციის კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულებას უხარისხოდ და ვადაგადაცილებული სამუშაოების ჩატარების გამო უწყვეტს – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.
დედაქალაქის მმართველი ორგანოს განცხადებით, კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა არ იმოქმედებს ვადებზე და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება დათქმულ ვადაში. მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროცესი მკაცრი მონიტორინგის ფარგლებში და ზედამხედველობით გაგრძელდება.
“თბილისის მერიას, უშუალოდ თბილისის მერს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება კონტრაქტორი კომპანიების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასთან დაკავშირებით.
თითქმის ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობის პროცესში თავს იჩენს კონტრაქტორ კომპანიებთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ ხორციელდება მკაცრი მონიტორინგი და ხდება კომპანიების გაფრთხილება, დაჯარიმება ან ხელშეკრულების გაწყვეტა.
ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისას, თუმცა კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა არ იმოქმედებს ვადებზე და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება დათქმულ ვადაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.