მთავარისაქართველო"საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა 2023 წელს არათანაბარი იყო" - Human Rights Watch

“საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა 2023 წელს არათანაბარი იყო” – Human Rights Watch

მსოფლიო ანგარიში 2024 - უფლებადამცველი ორგანიზაცია გასული წლის შეფასებას აქვეყნებს

საქართველოს შესახებ Human Rights Watch-ის ანგარიშში ყურადღება ეთმობა გამოხატვის თავისუფლებას, თანასწორობის უფლებასა და მედიის უფლებებს. ასევე დოკუმენტში საუბარია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაზე. უფლებადამცველი ორგანიზაცია საქართველოში შრომის უფლებებზეც წერს, სადაც ნათქვამია, რომ შრომის უფლებების დაცვის საკითხი ქვეყანაში კვლავ შემაშფოთებელია.

„საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომროება 2023 წელს არათანაბარი იყო“ – ასე იწყება ავტორიტეტული ორგანიზაცია Human Right Watch-ის ანგარიში საქართველოს შესახებ. შესავალშივე წერია, რომ გასულ წელს ქვეყნის ხელისუფლება შეეცადა მიეღო კანონი „უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ, რაც გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავდა. სწორედ გამოხატვის თავისუფლებაა ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რასაც უფლებადამცველი ორგანიზაცია დიდ ყურადღებას უთმობს.

„7 მარტს მიუხედავად საზოგადოების დიდი წინააღმდეგობისა „ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოსმენით ნაჩქარევად მიიღო კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ. ორდღიანი მასიური საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა პარტიამ უკან დაიხია იმ მოტივით, რომ მათ საზოგადოებას სათანადოდ არ განუმარტეს ეს ინიციატივა. მთავრობის მტრული რიტორიკა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ კი გაგრძელდა მთელი წლის განმავლობაში. სექტემბერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის შესახებ, რომელიც მათი განმარტებით, მიზნად ისახავდა აქტივისტების რეკრუტირებას სამოქალაქო არეულობის წაქეზებისა და საქართველოს ხელისუფლების დასამხობად. აშშ-ის საელჩომ კატეგორიულად უარყო ეს ბრალდებები. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებმა ათეულობით აქტივისტი დაკითხეს“, – ნათქვამია ანგარიშში.

Human Right Watch გასული წლის ანგარიშში საქართველოს სამართალდაცავი ორგანოების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და მათთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაზეც წერს.

„სპეცრაზმმა გამოიყენა წყლის ჭავლი და დიდი რაოდენობით ცრემლსადენი აირი ათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის დასაშლელად, რომლებიც სპონტანურად შეიკრიბნენ „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად. სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ ეს ზომები იყო არაპროპორციული და არასაჭირო. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს იძიებს, საპროტესტო აქციების დროს პოლიციის ქმედებებზე გამოძიებაც დაიწყო, მას შემდეგ, რაც უწყებაში 124 საჩივარი შევიდა სამართალდაცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შესახებ. იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, სულ 1775 საჩივარია შედგენილი სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის საქმეებზე“, – წერია შეფასების დოკუმენტში.

ავტორიტეტიანი უფლებამდაცველი ორგანიზაცია Human Right Watch ყურადღებას უთმობს საქართველოში მედიის უფლებებს, საუბარია ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ჩარევის ფაქტებზე. მოყვანილია ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლის ცემის ფაქტიც. ანგარიშში მოხვდა საქართველოს პარლამენტის მიერ მედიის აკრედიტაციის შესახებ მიღებული ცვლილებები.

„თებერვალში პარლამენტმა მიიღო ახალი, შემზღუდველი რეგულაციები მედიის აკრედიტაციის შესახებ, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, აეკრძალოთ ჟურნალისტებს პარლამენტში დეპუტატებისთვის კითხვების დასმა, თუკი ისინი უარს იტყვიან ინტერვიუზე. ჩინოვნიკებმა ცვლილებების გასამართლებლად მედიის მიერ დეპუტატების სავარაუდო შევიწროება დაასახელეს. ამ წესის მიღების შემდეგ პარლამენტმა კრიტიკული მედიის 9 ჟურნალისტს შეუჩერა აკრედიტაცია. ჟურნალისტების თქმით, ეს მათი კრიტიკული კითხვების გამო მოხდა“, – ნათქვამია ანგარიშში.

Human Right Watch ქვეყანაში შრომის უფლებებზეც წერს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ზოგიერთი საკანონმდებლო ნორმის გაუმჯობესების მიუხედავად, შრომის უფლებების შესახებ მდგომარეობა კვლავ შემაშფოთებელია. უფლებადამცველი ორგანიზაცია იმ გაფიცვებისა და პროტესტის შესახებ წერს, რომელიც 2023 წელს საქართველოში უკეთესი სამუშაო პირობების გამო მიმდინარეობდა.

„მთავრობამ ძირითადად უარი თქვა სახელფასო რეგულაციაზე. თვიური მინიმალური ხელფასი 1999 წლიდან არის 20 ლარი, დაახლოებით 7 აშშ დოლარი, რაც 88.5-ჯერ დაბალია, დადგენილ საარსებო მინიმუმზე. საქართველოს შრომის ინსპექციამ 2021 წელს დაიბრუნა სრული მანდატი შრომის უსაფრთხოების კონტროლის შესახებ, მაგრამ ის სათანადოდ ეფექტიანი ვერ აღმოჩნდა, არასაკმარისი რესურსებისა და საზოგაოდების დაბალი ნდობის გამო“, – წერია შეფასების დოკუმენტში.

ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაცია 2023 წლის 8 ივლისს თბილისში ჩაშლილ პრაიდ ფესტივალზეც წერს, რომელიც ულტრამემარჯვენე, მოძალადე ჯგუფების ორგანიზებით გაუქმდა. დოკუმენტში წერია, რომ სიძულვილის გამომხატველმა ჯგუფებმა ფესტივალისთვის განკუთვნილი ტერიტორია პოლიციის თადასწრებით გაძარცვეს და დაარბიეს. ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ ძალადობრივი ჯგუფები ვერ შეაჩერა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ფესტივალის დარბევის შესახებ წინასწარ განაცხადეს.

ავტორიტეტული ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდნენ საქართველოს სანქცირებული მოსამართლეებიც, რომლებსაც 2023 წლის აპრილში ამერიკის შეერთებული შტატების სახელწიფო დეპარტამენტმა კორუფციაში მონაწილეობისთვის სანქციები დაუწესა.

და ბოლოს, Human Right Watch-ის ანგარიში საქართველოს შესახებ მთავრდება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციით, სადაც ნათქვამია, რომ ამ პრიორიტეტებიდან საქართველოს ჯერ მხოლოდ 3 აქვს შესრულებული. ამ დოკუმენტში მოყვანილია ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია საქართველოსთვის, რაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობას ეხება.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend