მსოფლიო ბანკში გლობალური ეკონომიკის 2024 წლის პროგნოზზე საუბრობენ. წამყვანი ეკონომისტების ვარაუდით, მიმდინარე წლის ბოლოს მსოფლიოში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი ყველაზე დაბალი იქნება, ბოლო 30 წლის განმავლობაში. მათი თქმით, გლობალური რეცესიის რისკი შემცირდა, ძირითადად, აშშ-ის ეკონომიკის სიძლიერის გამო, მაგრამ მზარდმა გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ შეიძლება ახალი საფრთხე შექმნას მსოფლიო ეკონომიკისთვის. 2024 წელს მოსალოდნელია, რომ გლობალური ვაჭრობის ზრდა პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდება. პროგნოზირებულია, რომ გლობალური ეკონომიკის ზრდა ზედიზედ მესამე წელია მცირდება. წელს ის 2.4% იქნება. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 2.6%-ს აღწევდა. მსოფლიო ბანკის ეკონომისტები განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნების საინვესტიციო პოტენციალზეც საუბრობენ. მათი თქმით, განვითარებად ქვეყნებს კარგი შანსი აქვთ მეტი ინვესტიცია მოიზიდონ და განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდნენ.
“იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოში გარკვეული რყევებია, გლობალური ეკონომიკა მიმდინარე წლისთვის მაინც მდგრადად გამოიყურება. შოკების ნაკადი ჯერჯერობით ვერ არის ისეთი ძლიერი, რომ მსოფლიო ეკონომიკას დრამატული დარტყმა მიადგეს. ჩვენი პროგნოზით, წელს 2.4%-იანი ზრდა გვექნება, რაც წინა წლებთან შედარებით ნაკლებია. ერთ სულ მოსახლეზე კი საშუალო ეკონომიკური ზრდა გასული ექვსი წლის მსგავსად, 4% იქნება. გაიზრდება ინვესტიციების მოცულობაც. განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, რომლებიც განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნებიან. ამ მხრივ მათ კარგი შანსები აქვთ. ეს კი ამ ქვეყნებში კარგი მმართველობის შემთხვევაში სიღარიბის შემცირებას განაპირობებს. ფისკალური პოლიტიკა უფრო არასტაბილურად გამოიყურება საქონლის ექსპორტიორების შემთხვევაში. თუ დისციპლინირებული ფისკალური პოლიტიკა გატარდება გაცვლითი კურსების მხრივ, შოკებზე რეაგირება დროულად მოხდება და პრობლემაც ნაკლები იქნება“,- აცხადებს მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტის მოადგილე იჰან კოსე.