მე-17 საუკუნეში მსოფლიოში მოპოვებული ოქროს მეხუთედი იაპონიაზე მოდიოდა. ამ მეხუთედის ნახევარი კი კუნძულ სადოზე მოიპოვებოდა. „ევრონიუსი“ სადოს ეწვია, რათა ამ მითიური კუნძულის ხიბლი შეეგრძნო და გადმოეცა.
კონტინენტის დასავლეთით, იაპონიის ზღვაში მდებარე კუნძული სადო იაპონიის მეექვსე ყველაზე დიდი კუნძულია. ეს ადგილი ცნობილია ზღვის პროდუქტებით, ულამაზესი სანაპიროთი და ტაძრებით. თუმცა ყველაზე მეტად სადოს სახელი მაინც ოქროს უკავშირდება. იაპონიის ედოს პერიოდში სიოგუნთა მმართველობის დროს ამ კუნძულზე ძალიან დიდი რაოდენობით მოიპოვებდნენ ამ ძვირფას ლითონს.
ქალაქ სადოს მსოფლიოს მემკვიდრეობის განყოფილების წარმომადგენელი კიმიკო ისიკავა:
“სადოს ოქროს მაღაროში ედოს პერიოდში 41 ტონა ოქროს მოიპოვებდნენ. როგორც ამბობენ, მე-17 საუკუნის დასაწყისში მთელ მსოფლიოში მოპოვებული ოქროს 20 პროცენტი იაპონიაზე მოდიოდა. და ამ ოქროს ნახევარი კი სადოზე მოიპოვებოდა.“
აიკავა კუნძულის ერთ-ერთი ყველაზე ძველი მაღაროა. მისი გვირაბების სიგრძე 400 კილომეტრია – სწორედ ამდენივე მანძილია სადოსა და ტოკიოს შორის.
იაპონიის მთავრობამ სადოს მაღაროები აიკავა და ნისიმიკავა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსზე წარადგინა. მათი მიზანია, რომ მსოფლიოს გააცნონ მე-16 საუკუნის ბოლოდან მე-19 საუკუნის შუახანების ჩათვლით ოქროს მაღაროში მოპოვების აქაური მეთოდი.
“სადო იმით გამოირჩევა, რომ მაშინაც კი, როცა სხვა ქვეყნებში ოქროს მოპოვება უკვე მექანიზებული იყო, სადოზე დიდი რაოდენობით მაღალი ხარისხის ოქროს მაინც ხელით მოიპოვებდნენ,“ – განმარტავს კიმიკო.
ტურისტები ხშირად სადოს გვერდს უვლიან და იაპონიის სხვა უფრო პოპულარულ ადგილებში მიდიან. მაგრამ ამ კუნძულის უნიკალური კულტურის, მშვენიერი ბუნებისა და იაპონიის სიმდიდრეში შეტანილი ისტორიული წვლილის გამო, ის ქვეყნის ერთ-ერთ ფარულ მარგალიტად ითვლება.
ავტორი: პოლ ჰაკეტი