მთავარიაზიაირანი"ისრაელი აშშ-სთან ერთად მოქმედებდა" - ირანის ლიდერი ქვეყანაში მომხდარ თავდასხმაზე

“ისრაელი აშშ-სთან ერთად მოქმედებდა” – ირანის ლიდერი ქვეყანაში მომხდარ თავდასხმაზე

ირანში რევოლუციური გვარდიის ელიტური “ყუდსის ძალების” ყოფილი მეთაურის, ყასემ სოლეიმანის, დაღუპვიდან მეოთხე წლისთავის აღსანიშნავ მსვლელობაზე ორი აფეთქება მოხდა. თავდასხმას სულ ცოტა 100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 200-ზე მეტი.

ყასემ სოლეიმანი 2020 წელს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანებით ბაღდადში მოკლეს. იგი ამერიკული ჯარების საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა. ვაშინგტონი მას ამერიკულ ჯარებზე თავდასხმების ორგანიზებაში ადანაშაულებდა.

როგორც ირანის სახელმწიფო ტელევიზიები იუწყებიან, კერმანის მოწამეთა სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო განთავსებული.

აფეთქების შემდეგ ირანში Copyright Tasnim News Agency via AP

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, პირველი ბომბი ადგილობრივი დროით დაახლოებით 3 საათზე ააფეთქეს, მეორე კი 20 წუთის შემდეგ. სწორედ მეორე აფეთქებას ემსხვერპლა ყველაზე მეტი ადამიანი. ქვეყანაში გლოვის დღეა გამოცხადებული.

ქვეყნის უმაღლესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ აფეთქებები ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა. მისი თქმით, ირანის ხელისუფლება დამნაშავეებს სასტიკ პასუხს გასცემს.

“ვაფრთხილებ სიონისტურ რეჟიმს: ეჭვი არ შეგეპაროთ, მწარედ ინანებთ ამ დანაშაულს”, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისმა.

ამ დრომდე თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. თუმცა აიათოლა ალი ხამენეიმ მომხდარში ისრაელი დაადანაშაულა და თქვა, რომ იგი აშშ-სთან ერთად მოქმედებდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განაცხადებით, ქვეყანას აფეთქების დაგეგმვაში მონაწილეობა არ მიუღია.

თავდასხმა რეგიონში არსებული დაძაბულობის ფონზე მოხდა. ბეირუთში “ჰამასის” ერთ-ერთი ლიდერი სალეჰ ალ-არური ისრაელის უპილოტო თვითმფრინავის იერიშს ემსხვერპლა. ეს ბეირუთში მომხდარი პირველი თავდასხმა იყო ირანის მიერ მხარდაჭერილ “ჰეზბოლასა” და ისრაელს შორის მიმდინარე რამდენიმეთვიანი ომის განმავლობაში.

აფეთქებას ბეირუთში “ჰამასის” ლიდერთაგან ერთ-ერთი შეეწირა, 2 იანვარი, 2024 წელი Copyright AP Photo/Hussein Malla

ირანმა არურის მკვლელობა დაგმო, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი ისრაელი “ლაჩრული ტერორისტული თავდასხმებისთვის” გააკრიტიკა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend