მთავარიdraft geoსაახალწლო ტრადიციები საქართველოსა და ევროპის სხვა ქვეყნებში

საახალწლო ტრადიციები საქართველოსა და ევროპის სხვა ქვეყნებში

ახალი წლის ტრადიციები, საქართველოსა თუ ევროპის ქვეყნებში, ხშირად საერთოც არის და სრულიად განსხვავებულიც.

მეკვლე საქართველოში სასურველი და საყვარელი საახალწლო სტუმარია და ეს უძველესი ტრადიციაა. ევროპისმცოდნე თემურ პაპასქირი ამბობს, რომ ეს ტრადიცია საკმაოდ გავრცელებულია ირლანდიასა და შოტლანდიაშიც. ქართველების მსგავსად, ირლანდიელი ხალხი მეკვლის არჩევას დიდი სიფრთხილით ეკიდება. მათ სჯერათ, რომ სწორად არჩეულ მეკვლეს ახალი წლისთვის იღბალი და წარმატება მოაქვს.

„განსაკუთრებით ფრთხილად არჩევენ მეკვლეს ირლანდიელები – ის უნდა იყოს შავთმიანი მამაკაცი. ძალიან ცუდ ნიშნად ითვლება თუ მეკვლე იქნება ჟღალთმიანი ქალი”, – ამბობს თემურ პაპასქირი, ისტორიკოსი, ევროპისმცოდნე.

საქართველოში კი, მეკვლე ქალიც მეტად სასურველი ყოფილა:

„მეკვლე საქართველოშიც მამაკაცია, ძირითადად ოჯახის უფროსი წევრი, ან ოჯახის ღირსეული წარმომადგენელი. თუმცა ადრე ქალებიც მიუკვლევდნენ, დილით თაფლით სავსე ხონჩას ოჯახის თითოეულ წევრს მიართმევდნენ და ასე ულოცავდნენ ახალ წელს“, – გვიყვება ეთნოლოგი ნოდარ შოშიტაშვილი.

საახალწლო ტრადიციები მხოლოდ ახალი წლისთვის ბარაქის მოხმობას არ უკავშირდება. ბევრ კულტურაში ეს ბოროტი სულების დაფრთხობასთანაც არის დაკავშირებული. ძველი წლის გაცილება და „ავი სულების“ განდევნის ტრადიცია საკმაოდ გავრცელებული ყოფილა ევროპის ქვეყნებში და საქართველოშიც არის ამასთან დაკავშირებული რიტუალები.

„ბოროტი სულების დაფრთხობის უცნაური ტრადიცია აქვთ ირლანდიაში. ისინი შობისთვის გამომცხვარ პურს ინახავენ ახალი წლისთვის და შემდეგ ამ პურს ურტყამენ კედლებს და კარებს. უნგრელები საყვირებითა და ხმაურით აცილებენ ძველ წელს, ხოლო პორტუგალიელები ტაფებისა და ქვაბების დარტყმით დევნიან ბოროტ სულებს. ძირითადად ქართველებისთვის არ არის ეს ტრადიცია ცნობილი, თუმცა შეიძლება თოფისა და ფეიერვერკების გასროლა ამის გამოვლინებაც იყოს “, – მიიჩნევს თემურ პაპასქირი.

საახალწლოდ იღბლის, ხვავისა და  ბარაქის მოსაზიდად, გამორჩეულია ესპანეთი – ესპანელები ყურძნის 12 მარცვალს ჭამენ, თითო მარცვალზე თითო სურვილს ჩაუთქვამენ და სჯერათ, რომ ამით ისინი წარმატებას მიაღწევენო გვიამბობს ევროპისმცოდნე თემო პაპასქირი.

„ჰოლანდიელები ახალ წელს ტკბილეულის ნაცვლად, მჟავე კომბოსტოს მიირთმევენ და ქვეშ მონეტას უდებენ. რაც შეეხება გერმანელებს, ისინი საახალწლო სუფრაზე თევზს კრძალავენ, გამონაკლისს კობისებრ თევზთა ჯგუფზე აკეთებენ“, – ამბობს თემურ პაპასქირი.

ძველი ნივთების მოშორების საახალწლო ტრადიციაა იტალიასთან ერთად საქართველოშიც გვხვდება.

„იტალიაში ძველ ნივთებს ემშვიდობებიან ხოლმე, იქ ძალიან უტრირებულად ხდება ეს ყველაფერი,ფანჯრებიდან ყრიან ნივთებს, მაგრამ ჩვენთანაც დიასახლისები ცდილობენ  ნივთები, რომლებიც აღარ არის გამოსადეგი, გადაყარონ ან თავისი ადგილი მიუჩინონ“, – ამბობს ნოდარ შოშიტაშვილი.

ახალი წელი ახლოვდება, და ახლა ყველა ოჯახი თავისებურად განსჯის და გეგმავს, რომელი ტრადიციაა მათთვის სასურველი. მაგრამ უკეთესი მომავლის იმედი ის არის, რაც ნებისმიერ ქართველსა და ევროპელს აერთიანებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend