ახალი წლის სუფრა რუსეთში ტრადიციული “ოლივიეს” სალათის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ. თუმცა წელს რუსებს საყვარელი კერძის დამზადება ძვირი უჯდებათ. ბოლო 12 თვის განმავლობაში “ოლივიეს” მთავარი ინგრედიენტის კვერცხის ფასი რუსეთში 40%-ით გაიზარდა.
ანა აბრამოვა, მოსკოვის მცხოვრები: “10 კვერცხს 60 რუბლად ვყიდულობდი ხოლმე, ახლა 120 რუბლის გადახდა მაინც მიწევს. დაბალი ფასებისთვის შორს მიწევს წასვლა”.
იაფი კვერცხის პოვნა ადვილი არ არის. რუსეთში ძალიან ბევრი “ოლივიეს” მოყვარული ცხოვრობს და მაღაზიებს მარაგი სწრაფად ეწურებათ.
სერგეი რუდაკოვი, მოსკოვის მცხოვრები: ,,ადრე შევდიოდი ხოლმე სურსათის მაღაზიაში, ვყიდულობდი კვერცხს და მივდიოდი. ახლა მოვდივარ და არაფერი მხვდება. მოვდივარ მეორედ და ისევ არაფერი. ახლა მესამედ მოვედი და როგორც იქნა კვერცხიც არის, უნდა ვიყიდო“.
მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კრასნოდარის მაცხოვრებელმა მაღალი ფასების გამო დაიჩივლა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსახლეობას ბოდიში მოუხადა არსებული სიტუაციის გამო.
ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი: ,,ბოდიშს ვიხდი. სახელმწიფოს მუშაობაში რაღაც ხარვეზია. ვფიქრობ, ეს იმიტომ ხდება, რომ დროულად და საკმარისად არ გავხსენით იმპორტი. მართალია, მთავრობაში ამბობენ, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ ეს ჩემი მოსაზრებაა. პირობას ვდებ, რომ ახლო მომავალში სიტუაცია გამოსწორდება“.
მიუხედავად პუტინის დაპირებისა, კვერცხის ფასი კვლავ მატულობს. 19-იდან 25 დეკემბრამდე, სულ რაღაც 6 დღის განმავლობაში ფასი 4%-ით გაიზარდა.
ფერმერი ალექსეი ბურაკოვის თქმით, დიდი მეწარმეები მუშახელის პრობლემას განიცდიან. გარდა ამისა, მათ უწევთ აღჭურვილობის შენახვის საფასურისა და თანამშრომლებისთვის მაღალი ხელფასების გადახდა.
ალექსი ბურაკოვი, ფერმერი: “წარმომიდგენია რამდენად რთულია ეს ყველაფერი დიდი მეწარმეებისთვის. ისედაც ნიადაგი მზად იყო კვერცხის ფასების ზრდისთვის, მაგრამ რამდენად გამართლებულია ფასების ასეთი ზრდა?”
პუტინის ხელახლა, მეხუთე ვადით, პრეზიდენტად არჩევის მოლოდინში რუსეთის ხელისუფლება მოწადინებულია, რომ საზოგადოებას ოპტიმისტური გზავნილები მიაწვდინოს.
ფასების ზრდის შესაჩერებლად მათ გააუქმეს 15%-იანი გადასახადი იმპორტირებულ კვერცხებზე, რათა გზა გაეხსნათ აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან შემოსული პროდუქტისთვის.
მიუხედავად გამოწვევებისა, “ოლივიეს” სალათაზე მოთხოვნა არ იკლებს.
ანდრეი მოვჩანი, შეფ-მზარეული: “აქტუალური კერძია. რუსეთში ყველას უნდა “ოლივიეს” სალათა ჰქონდეს საახალწლო სუფრაზე”.