რიო-დე-ჟანეიროში არსებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მაიმუნებსა და ზარმაცასებრთა ოჯახის წევრებს, რომლებიც ელექტროენერგიის კაბელებზე კიდურებსა და სხეულის ნაწილებს იზიანებენ, კანის გადანერგვის ოპერაციებს უტარებს.
ვიდა ლივრეს ინსტიტუტის ვეტერინარებმა ზარმაცისებრთა ოჯახის წევრს ბუბას დაზიანებული კიდურზე თევზის კანის მეშვეობით უმკურნალეს. მათი თქმით, ეს ახალი მეთოდი ძალიან პრაქტიკული და გამოსადეგია ცხოველებში და ეხმარება მათ გამოჯანმრთელებაში.
,,ზარმაცას კიდური ძალიან დაზიანებული აქვს. ამ შემთხვევის სამკურნალოდ ტილაპიას კანი საუკეთესო მეთოდია. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, ამ წუთისთვის ცხოველს თითქმის არ აქვს ტკივილები და უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი პატარა მეგობრისთვის და გვჯერა, რომ მალე გამოჯანმრთელდება’’, -ამბობს ჟუან ვიტორ რუდე, ვიდა ლივრეს ინსტიტუტის ვეტერინარი.
სამკურნალოდ იყენებენ ტილაპიას ჯიშის თევზის გამომშრალი და სტერილიზებულ კანს, რომელსაც დამწვარ კიდურებზე სახვევებით ამაგრებენ.
მკურნალობის ეს ტექნიკა სეარას ფედერალური უნივერსიტეტის მკვლევრებმა პირველად 2016 წელს გამოიყენეს ადამიანებზე, 2020 წელს კი უკვე ცხოველებზეც სცადეს.
ტილაპიას თევზის კანი მდიდარია კოლაგენით, რომელიც აჩქარებს დამწვარი ადგილის შეხორცებას.
ვიდა ლივრეს ინსტიტუტის დირექტორი როშედ სება მუშაობს ხელისუფლებასთან, რათა ერთად შეიმუშაონ გეგმა, რომლითაც ველურ ცხოველებს დენის კაბელებისგან დაიცავენ.
,,თუ ელექტროენერგიის გამო რომელიმე რესტორანს ან დაწესებულებას ტექნიკა უზიანდება, ელექტროენერგიის კომპანია ამ ყველაფერზე პასუხს აგებს, მაგრამ არავინ ხმას არ იღებს ცხოველებზე, რომელთა სიცოცხლეც ელექტროსადენებმა და სადგურებმა შეიწირა’’,-ამბობს როშედ სება, ვიდა ლივრეს ინსტიტუტის დირექტორი.
ვიდა ლივრეს ინსტიტუტი ქალაქის მიმდებარე ტყეებში მცხოვრებ ცხოველებზე ზრუნავს. მათ გასულ წელს უმკურნალეს 48 დაშავებულ ცხოველს, რომლებსაც ელექტროკაბელებისგან სხვადასხვა სახის დამწვრობა ჰქონდათ მიღებული. მათგან 40 გარდაიცვალა, 5 გადარჩა და დაუბრუნეს ველურ ბუნებას, 3-ს კი ჯერ ისევ მკურნალობენ.