ფრანგმა კანონმდებლებმა მიიღეს მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც საიმიგრაციო წესების გამკაცრებას ითვალისწინებს.
კანონპროექტი განიხილეს სენატსა და ეროვნულ ასამბლეაზე მას შემდეგ, რაც ემანუელ მაკრონის პარტიამ კომპრომისი გამოძებნა კონსერვატიულ ოპოზიციასთან. მათი მხარდაჭერის მოსაპოვებლად გარკვეული ზომების გამკაცრება გახდა აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში მმართველი პარტია მხოლოდ ულტრამემარჯვენე ლიდერის მარინ ლე პენის მხარდაჭერის იმედად რჩებოდა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანენი აცხადებს, რომ კანონპროექტი სარგებელს მოუტანს ლეგალურად შემოსულ მიგრანტებს და ასევე დაიცავს ფრანგ მუშაკებს. მისი თქმით, რესპუბლიკის არცერთ პრეზიდენტსა თუ მთავრობას, არცერთ უმრავლესობას, არც ფრანსუა მიტერანს 1981 წელს არ უზრუნიათ, მოეგვარებინათ ეს პრობლემა. დარმანენის აზრით, ახლა დროა, დარეგულირდეს იმათი საკითხი, ვინც უკვე მუშაობს. მომავალი წლიდან იქნება კიდევ 10 000 რეგულაცია და ეს იქნება უმრავლესობის გამარჯვება.
აუცილებელი გახდა პირველი კანონპროექტის შეცვლა და უფრო გამკაცრება, როგორც ამას ულტრამემარჯვენე პარტიები ითხოვდნენ. მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ ეს მისი გამარჯვება იყო.
კანონპროექტი აწესრიგებს თავშესაფრის მიღების პროცესს და მასში გათვალისწინებულია ბინადრობის დროებითი ნებართვის გაცემა გარკვეული პირობების გათვალისწინებით იმ მუშაკებისთვის, რომლებიც ისეთ სფეროებში არიან დასაქმებული, სადაც მუშახელის დეფიციტია. ის ასევე აძლევს უცხოელს სახელმწიფო სუბსიდიების მიღების უფლებას მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი საფრანგეთში რამდენიმე თვის ან თუნდაც წლის განმავლობაში იცხოვრებს.