2023 წელი გამორჩეული წელიწადია, იმ მხრივ, რომ თითქმის ყოველთვიურად რეკორდული ტემპერატურაა.
კლიმატის ცვლილების მონიტორინგის თანამგზავრული სისტემის „კოპერნიკუსის“ მონაცემებით, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ნოემბერი თანამედროვე ისტორიაში რეკორდულად თბილი გამოდგა.
მონაცემები აჩვენებს, რომ 2023 წელს იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით გლობალური ტემპერატურა 1850 – 1900 წლების პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით 1.46 გრადუსით უფრო მაღალი იყო, 2016 წლის რეკორდულ მაჩვენებელზე კი 0.13 გრადუსით უფრო მეტი იყო.
კონკრეტულად ევროპაში 2023 წლის სექტემბრისა და ნოემბრის თვის საშუალო ტემპერატურა 10.96 გრადუსი იყო, რაც საშუალო მაჩვენებელზე 1.43 გრადუსით მეტია. 2023 წელს უკვე ექვსი რეკორდული თვე და ორი რეკორდული სეზონი იყო. ნოემბრის თვეში უჩვეულოდ თბილი ტემპერატურა ნიშნავს, რომ 2023 წელი ისტორიაში ყველაზე თბილი წელიწადი იქნება.
მეცნიერების აზრით, სათბური აირების კონცენტრაციის მატების შემთხვევაში ვითარება არ გაუმჯობესდება. ტემპერატურა კვლავ მოიმატებს, შესაბამისად, გახშირდება სითბური ტალღებითა და გვალვებით გამოწვეული შედეგები. მათი აზრით, საფრთხეებთან გასამკლავებლად საჭიროა მყისიერი მოქმედება.