100-ზე მეტი დაშავებული ღაზის სამხრეთში მდებარე ნასერის საავადმყოფოში გადაიყვანეს ინდონეზიური ჰოსპიტლიდან, მას შემდეგ, რაც იქ მძიმე ბრძოლა დაიწყო. დაჭრილებს შორის არიან ბავშვები, ქალები და მოხუცები. ინდონეზიური საავადმყოფო გადატვირთულია “ჰამასის” ისრაელთან ომის დაწყების შემდეგ.
“ამ თვის 7 რიცხვიდან საავადმყოფოში ყოველდღიურად ასობით დაჭრილი ადამიანი შემოჰყავთ. ჰოსპიტალი გადატვირთულია, ბევრ დაშავებულს იატაკზე წოლა უწევს იმიტომ, რომ ადგილები აღარ გვაქვს. საავადმყოფო 140 პაციენტს იტევს, გუშინ კი აქ 600 დაჭრილი შემოიყვანეს და მათ იატაკზე წოლა მოუწიათ. მედიცინის მუშაკებიც არ გვყოფნის, ისინი ყველას ვერ აქცევენ ყურადღებას, ძალიან ბევრი პაციენტია საავადმყოფოში“, – ამბობს მოინ ალ-მასრი, ინდონეზიის საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი.
ნასერის საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, რომ დაშავებულთა დაზიანებები სიმძიმით განსხვავდებოდა, ზოგიერთი მათგანი კი კრიტიკული იყო და სასწრაფო ოპერაციას საჭიროებდა.
“ზოგ შემთხვევაში დაუყოვნებლივი ქირურგიული ჩარევაა საჭირო, რადგან ბევრი დაშავებულის სხეულის ქსოვილებმა დაშლა დაიწყო, რის შედეგადაც უსიამოვნო სუნი დგება, ეს კი გამოიწვია იმან, რომ ამ ადამიანებს დაშავების შემდეგ, სამედიცინო დახმარება დიდი ხნის განმავლობაში არ მიუღიათ. შემთხვევები კრიტიკულად მძიმეა და სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს”, – ამბობს ნახედ აბუ ტაემა, ნასერის საავადმყოფოს დირექტორი.
7 ოქტომბერს ტერორისტული დაჯგუფება “ჰამასის” მიერ მოულოდნელმა თავდასხმამ ისრაელზე დიდი ზიანი მიაყენა პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას. ახლა იქ მძიმე მდგომარეობაა, საავადმყოფოები გადატვირთულია დაშავებულებით და ჰოსპიტლებში ექიმები არ ჰყოფნით. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზის სექტორში 12 700-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. ოფიციალური პირების თქმით, 4000 ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.