ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის, განცხადებით ევროკავშირს სურს იხილოს წინსვლა იმ ცხრა დათქმასთან დაკავშირებით, რომელიც ევროკომისიამ დასახა. ის იმედოვნებს, რომ 14-15 დეკემბერს ევროკავშირის ლიდერების შეხვედრაზე წევრი სახელმწიფოები გაიზიარებენ ევროკომისიის რჩევას და პოზიტიურ გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. პაველ ჰერჩინსკის თქმით, მას სურს, რომ ევროკომისიის ახალ რეკომენდაციებთან დაკავშირებით პროგრესი იხილოს და სამუშაოებში ყველა ინსტიტუცია ჩაერთოს. მან ასევე საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებითაც ისაუბრა. საარჩევნო რეფორმა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ პირობებში კვლავ მოხვდა. ჰერჩინსკი ამბობს, რომ არჩევნებს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუკი ხალხი გრძნობს, რომ მათი ხმა მნიშვნელოვანია. ელჩი ამბობს, რომ ქვეყანაში თანაბარი პირობები უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო კამპანიაში. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია საარჩევნო პერიოდში ადგილი არ ჰქონდეს ძალადობას, რაც სრულიად მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში.