მთავარისაქართველოსაარჩევნო ბარიერი

საარჩევნო ბარიერი

როგორი იქნება საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს – ამ თემაზე კვლავ გრძელდება დისკუსია საქართველოს პარლამენტში. ოპოზიციის ნაწილი კვლავ ითხოვს, შემცირდეს საარჩევნო ბარიერი 5%-იდან 2%-ამდე, რისი პირობაც „ქართულმა ოცნებამ“ დადო, თუმცა შემდგომ გადათქვა.

“ბოლო გამოკითხვაც ამას აჩვენებს, მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა სწორედ ამ განწყობაზეა, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში, რაც “ქართული ოცნების” პირობებში წარმოუდგენელია. „ქართული ოცნების“ ინტერესი არ არის, რომ რაც შეიძლება დემოკრატიული იყოს პარლამენტი. მათ იციან, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ძალიან სწრაფად, მალე და ეფექტურად შეიკვრება, ამიტომ მათი ინტერესია მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა” იყოს პარლამენტში. პოლარიზაციის ხარისხიც ასევე პირველ რიგში „ქართული ოცნების“ ინტერესია. ბარიერით თუ ბარიერის გარეშე, ჩვენი ამოცანა არ იცვლება, ჩვენ უნდა მივიღოთ იმდენი ხმა, რამდენიც საჭირო იქნება ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად, ამიტომ ნებისმიერი კონფიგურაცია, ახალი ალტერნატივა უნდა იყოს სწორედ საქართველოს მოქალაქეების ნებაზე დაფუძნებული”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მოქმედი წესით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციულია, პარლამენტში მოხვდებიან ის პარტიები, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ. 2%-იან საარჩევნო ბარიერზე კი პირველად ჩანაწერი შარლ მიშელის დოკუმენტში გაჩნდა. მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას და საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივა საარჩევნო ბარიერის 2%-ამდე დაწევისთვის პირველი მოსმენით მიიღეს.

“რეალურად, ოპოზიციური პარტიები უყურებენ რეიტინგებს და ეს რეიტინგები მათ არ აძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. თუმცა ისინი ფიქრობენ, რომ თუ ბარიერი დაბლა იქნება დაწეული, „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები ერთობლიობაში მოახერხებენ დაახლოებით იმდენი პროცენტის მიღებას, რამდენსაც „ქართული ოცნება“ მიიღებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიცია უკვე მრავალი წელია ითხოვს ბარიერის დაწევას. მათ პოზიციას იზიარებენ საერთაშორისო პარტნიორებიც.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend