14 წლის ზაკო, 13 წლის დაჩი, 14 წლის ნიკოლოზი და 4 წლის იოანე – ეს ის მოზარდები არიან, რომლებმაც საქართველოში პირველად აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატის “ვოქსზოგოს-ვოსორიტიდის” ინიექცია გაიკეთეს.
აქონდროპლაზია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ძვლოვანი სტრუქტურის არაპროპორციულად განვითარებას იწვევს.
პირველმა ინიექციამ გართულებების გარეშე ჩაიარა.
ბავშვებმა ინიექცია ყოველდღიურად უნდა გაიკეთონ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით, სამკურნალო პროცესის შემუშავებას დიდი დრო დასჭირდა.
პრეპარატი შემოვიდა საქართველოში რამდენიმე თვიანი პროტესტის ფონზე, რომელიც ამ დაავადების მქონე ბავშვების მშობლებმა 2023 წლის აპრილში წამოიწყეს.
მათ პროტესტს უამრავი მოქალაქე შეუერთდა.
24 მაისს მთავრობამ მიიღო გადაიწყვეტილება იმ იშვიათი დაავადებების ნუსხაში შეეტანა აქონდროპლაზიის დიაგნოზი, რომელსაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მკურნალობენ. ორი დღის შემდეგ დამტკიცდა დაავადების ეროვნული პროტოკოლი. ხოლო სექტემბერში ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის ქვეყანაში ეტაპობრივად დანერგვისთვის 10 500 000 ლარის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.
ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ამ დიაგნოზით საქართველოში 19 ბავშვი ცხოვრობს, სამკურნალო პროცესში ეტაპობრივად თითოეული მათგანი ჩაერთვება.