2021 წლის 10 დეკემბერს ყოფილი სამხედრო მამუკა ჩხიკვაძე დაღუპული თანამებრძოლების ხსოვნისადმი პატივის მისაგებად შინდისში, მემორიალთან ავიდა. იხსენებს, რომ მემორიალთან შემოაღამდა და უკან გამობრუნებისას გზა აერია…
ქვეითად მოსიარულემ შემთხვევით საოკუპაციო ხაზი გადალახა. ამ მომენტიდან დაიწყო მისი თითქმის ორწლიანი ტყვეობა ცხინვალის ციხეში: თვალებახვეული მამუკა რუსმა სამხედროებმა ცხინვალში არსებულ მეოთხე რუსულ ბაზაზე წაიყვანეს და დაკითხეს. ოკუპანტები ძირითადად მისი სამხედრო კარიერით ინტერესდებოდნენ. რუსული საოკუპაციო ბაზიდან ყოფილი ჯარისკაცი ცხინვალში დე ფაქტო ძალოვნებს გადასცეს. მისი ტანჯვა ახლა ე.წ. ცხინვალის უშიშროების იზოლატორში გაგრძელდა. ყოფილ სამხედროს უჭირს ამ ამბის გახსენება.
„იქაც გაიგეს, რომ მე ყოფილი სამხედრო ვარ. ცდილობდნენ, რომ ჩემთვის რაიმე ზიანი მოეყენებინათ. უნდოდათ, სიტყვებზე დავეჭირე“, – ამბობს მამუკა ჩხიკვაძე.
მამუკა ჩხიკვაძე ცხინვალის იზოლატორში 5 დღე დატოვეს. ბნელი საკნიდან მხოლოდ დაკითხვის მიზნით ამოჰყავდათ. დაკითხვები კი მის გასამართლებამდე გაგრძელდა. შემდეგ იყო სასამართლო და დე ფაქტო რეჟიმმა 5 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ცხინვალის სამარტოო საკანში ყოფილმა სამხედრომ ერთი წელი და 8 თვე გაატარა. როგორც თავად ამბობს, ამ უსამართლობის მიზეზი სწორედ რუსეთის საოკუპაციო ძალაა.
მამუკა ჩხიკვაძე 2023 წლის 25 აგვისტოს გაათავისუფლეს. გათავისუფლების პროცესში ქართულ მხარესთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საერთაშორისო პარტნიორები.
თუმცა ოკუპანტების ტყვეობაში კიდევ რჩებიან საქართველოს მოქალაქეები. ამ დროისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ცხინვალის ციხეში 6, ხოლო სოხუმში საქართველოს 3 მოქალაქეა უკანონო პატიმრობაში.