კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხიდან პარლამენტში და მის მიღმა მყოფი პოლიტიკური აქტორები ნელ-ნელა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმართულებით ინაცვლებენ. პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნდა საარჩევნო ბარიერის საკითხიც, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ დადებული პირობით 5-იდან 2%-მდე უნდა დაწეულიყო. თუმცა მმართველმა პარტიამ ეს დათქმა შეცვალა და ახლა კვლავ 5%-იან ბარიერს სთავაზობს პოლიტიკურ პარტიებს.
„ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით, მთავარი მიზეზი ოპოზიციის რადიკალიზმია. ასევე მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ვისაც პარლამენტში მოხვედრის სურვილი და პრეტენზია აქვს, მას მოსახლეობის მინიმუმ 5%-იანი მხარდაჭერა მაინც უნდა ჰქონდეს.
„ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც აქტიურობენ საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით მიუთითებს ერთ რამეზე, რომ იმდენად მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციურ ფლანგზე, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის რესურსი არ გააჩნიათ.
ერთის მხრივ გვესმის მათი ომახიანი ტონი, რომ ხელისუფლებაში მოდიან და ამასთანავე, ჩვენ გვთხოვენ ბარიერი დავუწიოთ, რომ იქნებ როგორმე გადალახონ და შეძლონ პარლამენტში შესვლა. ეს მეტყველებს რამდენად უსუსურ მდგომარეობაშია დღეს მთელი რიგი ოპოზიციური ჯგუფები, რომ მათ საარჩევნო ბარიერის გადალახვის რესურსიც კი არ გააჩნიათ. საარჩევნო ბარიერი დადგენილია 5%-იანი ბარიერის სახით, ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში, არ განიხილება.
ჩვენ საარჩევნო ბარიერის შეცვლის საკითხს არ განვიხილავთ. კეთილი ინებოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, მოემზადონ არჩევნებისთვის, უზრუნველყონ მათი რესურსის მობილიზება და თანასწორ, კონკურენტულ, სამართლიან პირობებში გავიდეთ ამომრჩეველთან და ამომრჩეველმა გადაწყვიტოს ვინ იმსახურებს, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოს და მოხვდეს პარლამენტში და ვინ არა. შესაბამისად, საკითხი რომ ჩვენ შეიძლება განვიხილოთ საარჩევნო ბარიერი არის დახურული, დღის წესრიგში არ დგას და არ განიხილება”, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები „ქართულ ოცნებას“ პირობისა და სიტყვის გატეხაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მმართველი პარტია საარჩევნო ბარიერის არ დაწევის მიუხედავად, მაინც დაკარგავს ერთპიროვნულ ძალაუფლებას. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ბარიერის დაწევა ქვეყნის დემოკრატიზაციისა და მრავალპარტიული პარლამენტის მიღებისთვის იყო აუცილებელი. ეს კი მათი თქმით, იმ მძიმე პოლიტიკური ვითარებიდან, რაშიც ქვეყანა უკვე მეოთხე ათეული წელია იმყოფება, ყველაზე სწორი გამოსავალი იქნებოდა.
„ლელოს“ ამოცანა არ არის ბარიერის გადალახვა, „ლელოს“ ამოცანა არის „ქართველი ოცნების“ შეცვლა 2024 წლის არჩევნების შედეგად. ამიტომ ჩვენ გაცილებით დიდ ამოცანებს ვისახავთ წინ, ვიდრე ეს 5%-იანი ბარიერია. „ქართული ოცნება“ აჩვენებს თავის სახეს იმიტომ, რომ ის დაპირება, რომელიც გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ ცხადია, ეს პირველად არ არის, როდესაც ის დაპირებას არღვევს, სიტყვას ტეხს, ეს არის მათი სტილი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, არაფერი გვეცვლება სამოქმედო გეგმებში, ჩვენი ამოცანა არის, რომ დამაჯერებლად დამარცხებული იყოს „ქართული ოცნება“, 5%-იანი ბარიერის პირობებშიც, რის შედეგადაც ქვეყანას ეყოლება პროევროპული კოალიციური მმართველობა და რის შედეგადაც ქვეყანა უკვე დაიწყებს რეალურად ინტეგრირებას ევროკავშირში. ამიტომ, ეს რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“, არის მათი სტილი და სახე, სიტყვის გატეხა, პირობის გატეხვა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ეს აბსოლუტურად ვერ იქონიებს გავლენას იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება, დამარცხდება დამაჯერებლად და ქართველი ხალხი აიღებს ხელში ძალაუფლებას, დაიბრუნებს თავის სახელმწიფოს“, – აცხადებს პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.
პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივა საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევისთვის პირველი მოსმენით მიღებულია. თუ ამ ინიციატივას მმართველი პარტია მხარს არ დაუჭერს, მაშინ პარტიებს მოსახლეობის 5%-ის მხარდაჭერის მიღებისთვის ბრძოლა მოუწევთ.
ამის გარდა ინკლუზიური, მრავალფეროვანი, თავისუფალი და მაღალდემოკრატიული საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, ევროკავშირის იმ 9 ახალი დათქმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოებაში უნდა დაეხმაროს.
ალეკო გვეტაძე