მთავარიგადაცემებიCULTშარჯის საერთაშორისო კინოფესტივალი ახალი თაობის განათლებაზე ზრუნავს

შარჯის საერთაშორისო კინოფესტივალი ახალი თაობის განათლებაზე ზრუნავს

შარჯის მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმოდგენილი იყო საუკეთესო ნამუშევრები, რაც  კი გადაღებულა ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ან თავად ახალგაზრდების მიერ.

შარჯის საერთაშორისო კინოფესტივალზე ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის გაიმართა სამი მსოფლიო დონის პრემიერა და 43 ადგილობრივი რეგიონული ფილმის პრემიერები. ფესტივალზე ნაჩვენები იყო სულ 80 ფილმი 37 ქვეყნიდან.

შარჯის კინოფესტივალის დირექტორი შეიხა ჯავაჰერ ბინტ აბდულა ალ-ქასიმი თვლის, რომ ეს ფესტივალი უნიკალურია:

„ეს ფესტივალი განსაკუთრებული იმით არის, რომ ჩვენთვის მთავარი არ არის წითელი ხალიჩა, განათებები, აჟიოტაჟი და ხალიჩაზე ვარსკვლავების მსვლელობა. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია შთაგონება, განათლება, როგორ მივცეთ განათლება კინოინდუსტრიაში ჩართულ ბავშვებს, თუ როგორ გახდნენ სცენარისტები, რეჟისორები და მსახიობები.“

წლევანდელი ფესტივალი გახსნა ანიმაციურმა ფილმმა, სახელწოდებით „ზოოპარკი“, რომელიც რეჟისორმა თარიქ ალ-რიმავიმ გადაიღო. ამ ფილმის თემა ძალიან აქტუალურია, ეს არის პატარა ბიჭის ამბავი, რომელიც პალესტინაში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე იშლება.

თარიქ ალ-რიმავი, ფილმ „ზოოპარკის“ რეჟისორი:

„ჩემი ფილმი არის ბიჭზე, რომელიც ეძებს ბურთს მსოფლიოში ყველაზე ცუდ ზოოპარკში, სადაც ის შეხვდება ვეფხვის ბოკვერს და დაუმეგობრდება. მეგობრები ცდილობენ, იპოვონ უსაფრთხო სათამაშო ადგილი ომით გაცამტვერებულ ადგილზე. ჩემი აზრით, ანიმაცია და ზოგადად ფილმი არ არის მხოლოდ გასართობი. იგი უნდა იყოს სიყვარულის, მშვიდობისა და იმედის გზავნილიც, განსაკუთრებით იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ისეთ ადგილას ცხოვრობენ, როგორიც ღაზა და პალესტინაა. როდესაც საქმე ეხება რთულ თემებს, ჩვენ, როგორც წესი, არ ვაფასებთ სათანადოდ ბავშვებს. მიგვაჩნია, რომ მათთვის მხოლოდ გასართობი ფილმები უნდა გადავიღოთ. მაგრამ სინამდვილეში მათ მოსწონთ როდესაც სიღრმისეულ თემებზე ფიქრობენ, როდესაც ფილმებს უყურებენ და შემდეგ ცხარედ კამათობენ.“

ამ განწყობას ფესტივალის ორგანიზატორებიც იზიარებენ და ამბობენ, რომ ისინი ვალდებული არიან, საკუთარი პროგრამის საშუალებით სადავო თემების განხილვას შეუწყონ ხელი.

„ბავშვები და ზოგადად ახალი თაობა უფრო სხარტები და გონებაგახსნილები არიან,“ – განმარტავს  შეიხა ჯავაჰერ ბინტ აბდულა ალ-ქასიმი. „ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ყოველთვის გვქონდეს ისეთი ფილმები, რომლებშიც მსჯელობაა სოციალურ, ეკონომიკურ, კლიმატის ცვლილების, ლტოლვილების თემებსა და ყველა იმ საკითხზე, რომლებიც მსოფლიოში არსებობს. აღარ ვულამაზებთ ბავშვებს იმ ამბებს, რომლებიც მსოფლიოში ხდება, რადგან სხვაგან მაინც გაიგებენ სიმართლეს.  ამიტომ მირჩევნია მათ ყველაფერი სწორ პლატფორმაზე ნახონ, სადაც შეუძლიათ, რომ შეხვდნენ ისეთ ადამიანებს, რომლებთანაც იმსჯელებენ და რომელთაგანაც ისწავლიან რაღაცას და ერთ დღესაც შეცვლიან რამეს.“

ფესტივალის ფარგლებში მთელი მსოფლიოს კულტურაა წარმოდგენილი და აუდიტორიას აჩვენებენ, თუ როგორ თანაარსებობს სხვადასხვა კულტურა, რელიგია და სოციალური ფენა გვერდიგვერდ.

აქ ხდება წახალისება, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მეტმა ადგილობრივმა გადაიღოს ფილმი ახალგაზრდებისთვის.

ფესტივალის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, სხვადასხვა უნარი აეთვისებინათ ექსპერტების მიერ ჩატარებულ სემინარებზე, რომლებიც ერთკვირიანი ფესტივალის განმავლობაში მიმდინარეობდა, იქნებოდა ეს ამბის თხრობის ხელოვნება თუ მაკიაჟით  სპეციალური ეფექტების შექმნა.

ავტორი: ჯეინ უიზერსპუნი

 

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend